ირაკლი ალასანია: პრეზიდენტის თვითმფრინავით უზრუნველყოფა აღარ დაფინანსდება

ირაკლი ალასანია: პრეზიდენტის თვითმფრინავით უზრუნველყოფა აღარ დაფინანსდება

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის გამოყოფილი თანხები ზედმეტი ხარჯია.

შესაბამისად, ალასანია აღნიშნავს, რომ ვერ მისცემს თავს უფლებას, პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის თვეში 800 000 ლარი გამოიყოს.

„ჩვენ, როგორც დავპირდით საზოგადოებას, გვინდა, გვყავდეს მოქნილი და პატარა მთავრობა. საჯარო მოხელეები ხალხის ხარჯზე ფუფუნებაში არ უნდა ცხოვრობდნენ. სწორედ იმ დროს, როდესაც ჯარისკაცი, მისი სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა არის პრიორიტეტი, შესაძენია ახალი თავდაცვის ტექნოლოგიები, თავს ვერ მივცემთ უფლებას, რომ პრეზიდენტის ტრანსპორტირებისთვის, მისი ცალკე თვითმფრინავისთვის გამოყოფილი იყოს თვეში 800 000 ლარი. ეს არამიზნობრივი ხარჯია, რომ 80 მილიონზე მეტი დაუჯდეს ბიუჯეტს და ხალხს საქართველოს პრეზიდენტის დამატებითი თვითმფრინავით უზრუნველყოფა, ეს საკითხი გადასახედია,  ჩვენ ალბათ,  ამ ვალდებულებისაგან გავთავისუფლდებით“, - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმითვე, იმის გამო,  რომ აღარ დაფინანსდება პრეზიდენტის თვითმფრინავით უზრუნველყოფა, აქედან გამომდინარე,  იქნება ეკონომია მათი ბიუჯეტის და ალასანიას განცხადებით ამგვარი ხარჯები მომავალში აღარ გაიღება.

ალასანიამ განმარტა, რომ მთელი ბიუჯეტი ეფექტურად უნდა იყოს მიმართული ჯარისკაცების, სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის განვითარებისთვის და არა ერთი ადამიანის ფუფუნებისთვის.