გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი მიზანია სტუდენტების დაფინანსება გავაორმაგოთ

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი მიზანია სტუდენტების დაფინანსება გავაორმაგოთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი შემცირების ნაცვლად გაიზრდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მარგველაშვილის თქმით, მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი თანხები მიმართოს სტუდენტების დაფინანსებისკენ.

„ჩვენი მიზანია სტუდენტების დაფინანსება გავაორმაგოთ და რაც შეიძლება, მეტი ფული მივმართოთ უნივერსიტეტებისკენ" - განაცხადა მარგველაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა სწავლის გადასახადის გაზრდა, მარგველაშვილის თქმით, სწავლის საფასურს განათლების სამინისტრო არ ზრდის და ამას კი თავად უმაღლესი სასწავლებლები აკეთებდნენ.

რაც შეეხება საშუალო სკოლებში სწავლების ბრიტანული მოდელის ამოქმედებას, რომლის თანახმადაც, საშუალო სკოლებში სწავლა შესაძლოა, 10-წლიანი გახდეს და ბოლო ორი წელი უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაწესდეს, მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.