სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, რუსთავის მე-16 საპყრობილის დირექტორს ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.
მისი თქმით, აბურჯანიას მოვალეობას ამ ეტაპზე, დროებით აბურჯანიას პირველი მოადგილე ასრულებს.
„მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე სიწყნარეა, რასაც ვერ ვიტყვით ციხის გარეთ არსებულ მდგომარეობაზე, რადგან გარეთ პატიმართა ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილი. მე მათი მესმის, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვიდრე მოკვლევა დამთავრდება, ციხის დირექტორს უფლებამოსილება შევუჩეროთ და დაველოდოთ, თუ რა გამოიკვეთება გამოძიების შემდეგ. თუ აღმოჩნდება, რომ აბურჯანიასთვის წაყენებული ბრალდებები რეალობას შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა სუბარმა.
სუბარი პატიმართა მშობლებს მოუწოდებს, დაეხმარონ უწყებას და მათმა ახლობელმა მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტონ, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს.