პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლის დატოვებისა და მთავრობის კანცელარიის შენობაში გადასვლისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ, ივანიშვილმა განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის სასახლის და პირადად მის მომსახურეობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რაც მკვეთრად შემცირდება.
„არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, თუ რატომ რჩება სააკაშვილი პირველ პირად, როცა მას 5 წელიწადში, ანუ იანვარში საპრეზიდენტო ვადა უმთავრდება, თუმცა ეს ცალკე საკითხია და მოგვიანებით შევეხები. მაგრამ ამორალურია, რომ მისი მომსახურეობა ათეულობით მილიონი დოლარი ჯდება, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროდან პრეზიდენტის თვითმფრინავზე 800 000 ლარი ირიცხება ყოველწლიურად. ასეთი დაფინანსებები აღარ იქნება. მისი სასახლე, სადაც ახლა ცხოვრობს, ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვს, მას შეუძლია გადმოვიდეს მთავრობის კანცელარიაში, სადაც 11-ე სართულზე ზუსტად იგივე ფართობია, რაც მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრისთვის არის გამოყოფილი. ეს სართული და ლიფტიც დალუქულია, კეთილი ინებოს სააკაშვილმა და აქ გადმობრძანდეს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ხარჯების შემცირებით ძალიან დიდი თანხის დაზოგვა მოხდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მომსახურეობიდან დაზოგილი თანხები, უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოხმარდება.
„არ დაფინანსდება ხარჯები, რომლებიც მხოლოდ ერთი ადამიანის ფუფუნებას ხმარდებოდა. ძალიან მიკვირს, ეს კაცი რა ლოგიკით იშენებდა ამდენ სასახლეს, მაშინ, როცა კანცელარიაშიც, ქუთაისის პარლამენტშიც და მთავრობის სასახლეშიც კი აქვს უზარმაზარი ფართი გამოყოფილი. მომავალ ბიუჯეტიდან მსგავსი ხარჯები აღარ დაფინანსდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.