ნანა კაკაბაძე: აკო მინაშვილის და ჩიორა თაქთაქიშვილის უნდობლობა, კომპლიმენტად აღვიქვი

ნანა კაკაბაძე: აკო მინაშვილის და ჩიორა თაქთაქიშვილის უნდობლობა, კომპლიმენტად აღვიქვი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების საქმეებს შეისწავლის. რა პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს ახალი ჯგუფი, აღიძრება თუ არა კონკრეტულ პოლიტდევნილებზე სისხლის სამართლის საქმეები და ვინ გადაუხდის პოლიტპატიმრებს კომპენსაციებს? From.ge უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.

რა პრიორიტეტები ექნება ახალ სამუშაო ჯგუფს?

-ჩვენი პრიორიტეტი არის ის მიდგომა, რაც აქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. სწორედ იმ კრიტერიუმებით უნდა იქნენ ცნობილნი პოლიტპატიმრებად ადამიანები, რაც ასამბლეამ 47 ქვეყანას განუსაზღვრა. უფრო მეტიც, გვინდა რომ ეს კანონი იქნეს მიღებული და სწორედ ეს გახდეს საფუძველი ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ეს იქნება წინ გადგმული ნაბიჯი ადამიანი უფლებების დაცვის მიმართულებით, როდესაც ქვეყანა მზად არის შეასრულოს ევროსაბჭოს რეკომენდაციები.

ჩვენ ასევე გვინდა, რომ ეს მოხდეს ძალიან მოკლე ვადებში, რადგან ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია უკანონოდ იხდიან სასჯელს. როდესაც გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ საქმეები ორი კვირის ვადაში განვიხილოთ და შემდეგ გადავაგზავნოთ სასამართლოში, მე მივმართე ქალბატონ ეკა ბესელიას და ვუთხარი, რომ , შეიძლება თქვენთვის ორი კვირის ვადა სამუშაოდ ძალიან ცოტაა, მაგრამ იმ ადამიანებისთვის ძალიან ბევრია, რომლებიც უკანონოდ ზიან და ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული . როდესაც ეს ადამიანები გათავისუფლებას და შემდგომ კომპენსაციებს მოითხოვენ, მოითხოვენ ამ დღეების კომპენსაციასაც, რასაც თქვენ აყოვნებთ. ვფიქრობ, რომ კომისია იქნება მოწოდებული, რომ ორ კვირაზე ადრე მოხდეს ამ ადამიანების საქმეების განხილვა, სასამართლოსთვის გადაცემა და შემდგომ უკვე სასამართლომ ავტომატურ რეჟიმში უნდა მოახდინოს ამ ადამიანების გაშვება ციხეებიდან.

რამდენი პოლიტპატიმრის და პოლიტდევნილის საქმეს განიხილავს სამუშაო ჯგუფი?

-სამწუხაროდ, დღეს 180 -ზე მეტი პოლიტპატიმარია , არის კიდევ საქმეები, რომლებიც ჯერ იმ კომისიასაც არ შეუსწავლია, რომელიც ამ თემებზე მუშაობდა და შესწავლის პროცესშია, ესეც გარკვეულ დროს წაიღებს.

ჩვენ დავაყენეთ პოლიტდევნილების საკითხიც. თუმცა, აკო მინაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა უნდობლობა გამომიცხადეს, მე ეს კომპლიმენტად აღვიქვი და ვუპასუხე, რომ ძალიან კარგია, როდესაც ხელისუფლება არ გენდობა და ძალიან ცუდია, როდესაც გენდობა და თავისიანად გთვლის არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ სწორედ ხელისუფლების დანაშაულებები იქნეს გამოვლენილი. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რას ვგულისხმობდით პოლიტიკურ დევნილებში და ვინ არიან ეს პოლიტიკური დევნილები . ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ყველა ის ადამიანი ვინც ავსტრიამ , შვეიცარიამ , გერმანიამ , საფრანგეთმა , ამერიკამ სცნეს საქართველოდან პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დევნილებად და მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი. ეს არის ქვეყნის სირცხვილი . ჩვენ ძალიან მოკლე ვადებში უნდა შევძლოთ და შევწყვიტოთ ამ ადამიანების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და მივცეთ საშუალება მათ დაბრუნდნენ ქვეყანაში. ამაზე მათ არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 პოლიტდევნილში ვის საქმეებსაც თქვენ განიხილავთ, ირაკლი ოქრუაშვილის გვარიც ფიგურირებს ?

-დიახ და ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა. როდესაც ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცეს, მისცეს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო თუ არ შეძლო, ეს უკვე სხვა საკითხია, გადაეცა ისეთი მტკიცებულებები იმ ქვეყნისთვის, რომ მისი ექსტრადირება მომხდარიყო საქართველოში.

არის თუ არა შესაძლებელი, რომ კონკრეტულ პოლიტდევნილებზე საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ?

-ჩვენ გადავეცით სიები და მოვითხოვთ ამ ადამიანებზე სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას. ბუნებრივია, თუ ეს შეწყდება, მაშინ მათ ვერავინ ვერ დააპატიმრეს.

თქვენ კომპენსაციები ახსენეთ, ვინ უნდა გადაუხადოს კომპენსაციების 180 -ზე მეტ პოლიტდევნილს ?

-გამართლების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება გადაიხდის კომპენსაციის თანხებს, რადგან სწორედ საქართველოს ხელისუფლების წყალობით გახდნენ ეს ადამიანები პოლიტიკურად დევნილები.

თუ ეს ხელისუფლება შეძლებს თანხები წინა ხელისუფლებიდან ამოიღოს, ძალიან კარგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურების გადახდა ბიუჯეტიდან მოხდება.