თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია რიყის პარკში მიმდინარე მშენებლობების შეჩერებას მოითხოვს.
როგორც გაბუნიამ საკრებულოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქრისტიან-დემოკრატები’’ ამ მოთხოვნით მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებენ.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, რიყის პარკში მიმდინარე საკონცერტო დარბაზისა და მუსიკალური თეატრის შენობების ფორმა ეწინააღმდეგება და ამახინჯებს ძველი თბილისის არქიტექტურულ იერსახეს, რომელსაც ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ. სწორედ ამიტომ, ამ და სხვა შენობების გამო თბილისი ვერ მოხვდა იუნესკოს დაცული ქალაქების სიაში.
„ქალაქის მერს, ბატონ უგულავას სჩვევია ამა თუ იმ პროექტის მოსახლეობის ხელმოწერების საშუალებით პრაქტიკაში გადმოტანა, დამკვიდრება, განხორციელება და ჩვენ ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები” ვაპირებთ ამავე გზით, ანუ მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვების მეშვეობით ვაჩვენოთ მას, რომ თბილისელების დიდ ნაწილს არ მოსწონს და ეწინააღმდეგება აღნიშნული შენობა-ნაგებობების ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწილში განთავსებას” - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
დეპუტატის განცხადებით ხვალ მეტროსადგურების „რუსთაველისა” და „ავლაბრის” წინ დაიდგმება მაგიდები, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ხელმოწერით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია რიყის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. ხელმოწერების შეგროვება იწარმოებს სოციალური ქსელების საშუალებითაც.
ზაზა გაბუნია მოუწოდებს მერიას არ მიიღოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები თბილისის საკრებულოს, როგორც დედადაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.