სასჯელაღსრულების დეპარტმენტის გენერალური ინსპექციის 4 კაციანი ჯგუფი რუსთავის #16- ე დაწესებულებაში არსებულ ვითარებას შეისწავლის.
საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები დეტალურად შეისწავლიან იმ ინფორმაციებს, რასაც მსჯავრდებულები და მათი მშობლები ავრცელებენ.
როგორც #16- ე დაწესებულებიდან გამოსულმა გენერალური ინსპექციის უფროსმა მირზა სუბელიანმა განაცხადა, თუ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტები დადასტურდება, ისინი თანამდებობებს დატოვებენ, ხოლო უარეს შემთვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაეკისრებათ.
მისივე თქმით, პატიმრებთან შეთანხმება იმასთან დაკავშირებითაც მიაღწიეს, რომ მათ შიმშილობა შეწყვიტონ.
„სამუშაო ჯგუფი 4 კაციანი შემადგენლობით დაკომპლექტდება. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევლენ და პატიმრებს სათითაოდ გამოკითხავენ. ეს სწერილობითი ფორმით მოხდება. შესაბამისად, წერილობითი ფორმიდან, იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც მიღებული იქნება ობიექტური გადაწყვეტილება მიიღება. ამასთან ერთად თუ დადგინდება, რომ კონკრეტულ პირს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კანონით დადგენილი დანაშაული, მოხდება შესაბამისი რეაგირება, მასალები პროკურატურაში გადაიგზავნება და თუ დადგინდება, რომ ადმინისტრაციული გადაცდომაა, ამა თუ იმ პირის გადაყენების თაობაზე შესაბამისი დასკვნა დაიდება“, - განაცხადა სუბელიანმა.