ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად აპოლონ კაკაბაძე წარადგინა

ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად აპოლონ კაკაბაძე წარადგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აპოლონ კაკაბაძე უხელმძღვანელებს.

იგი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს სამინისტროში წარადგინა.

ხადურის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი კარგად იცნობს სისტემას, შეძლებს არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და მიღწევების შენარჩუნებას.

„საგამოძიებო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვთხოვ, აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით, მათ შორის შემოსავლების სამსახურთან, რათა ბიზნესს გავუადვილოთ საქმიანობა, რათა საგადასახადო კანონმდებლობაში არ იყოს ორმაგი ინტერპრეტირების საშუალება და სხვადასხვაგვარად არ ვკითხულობდეთ კანონს ჩვენ და ბიზნესმენები. იყავით ბიზნესმენების მეგობარი, დავიცვათ მათი უფლებები, რათა მათ მეტი სამუშაო ადგილი შექმნან, მეტი გადასახადი გადაიხადონ, რაც არის ერთადერთი საშუალება, იმისათვის, რომ კოალიციამ წინასაარჩევნოდ გაცემული ყველა დაპირება შეასრულოს" - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბიზნესისადმი დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება და მნიშვნელოვანია, საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის ფინანსთა სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.

„ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ გადასახადის გადაუხდელობა იქნება დასჯადი. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში თანხების მობილიზება იყო მაღალ დონეზე, ოქტომბრის გადასახადების მოცულობა პროგნოზირებადზე გაცილებით მაღალია, რაც არის ყველას დამსახურება" - აღნიშნა ხადურმა.