ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს, რომელიც პარლამენტში 5 ნოემბერს უნდა შევიდეს.
ხადური განმარტავს, რომ ბიუჯეტში გამოიძებნა რესურსები, რათა ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს.
ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ კადრების მნიშვნელოვანი შემცირება არ იგეგმება და დაფინანსების შემცირება შეეხება მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომელთა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
„კერძოდ, აღარ ავაშენებთ ქუთაისში პარლამენტს და ამაზე 340 მილიონს აღარ დავხარჯავთ. არ ავაშენებთ „ანბანის კოშკს“ და კაფეებს, რაზეც არაერთი ასეული მილიონი ლარია დახარჯული. გავაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება. ამავდროულად ფინანსთა სამინისტრომ თავისი დაფინანსება 10%-ით შეამცირა“, - განაცხადა ხადურმა.
ხადური ამბობს, რომ ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც გაიშიფრება სხვა ხარჯები.
მისი განმარტებით, აქამდე „სხვა ხარჯები“ მილიონს აჭარბებდა და საზოგადოებისთვის უცნობი იყო, თუ რას მოიცავდა კონკრეტულად ეს ხარჯები.
მისი ინფორმაციით, ბიუჯეტი 8 მილიარდზე მეტია.