ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის გაგა გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ, სასამართლო დღეს იმსჯელებს.
გაჩეჩილაძეს ბრალი სს კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით ხულიგნობის ბრალდებით წაუყენეს, რაც თავისუფლების შვიდ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც from.ge - ის გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.
გაჩეჩილაძის ოჯახი გამოძიების წინასწარი პატიმრობის გარეშე წარმართვას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ გაგა გაჩეჩილაძეს თავდებში უდგებიან ვაკისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები - შალვა შავგულიძე და ზაზა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ ლევან გაჩეჩილაძის შვილი, გაგა გაჩეჩილაძე 27 ოქტომბერს დააკავა.
საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში“ მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.