ფოთის ნავსადგურში გაფიცვა გრძელდება. პორტის 20 -მდე თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო.
ისინი ადმინისტრაციის შესასვლელთან იმყოფებიან და ადმინისტრაციის თანამშრომლებს პორტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
მოშიმშილეების ინფორმაციით, მათ შესაძლოა, კიდევ ბევრი ადამიანი შეუერთდეს.
პორტის თანამშრომლების უმთავრესი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
გარდა მისა, გაფიცვაში მონაწილეობენ სამსახურიდან გათავისუფლებული პირებიც, რომლებიც სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
არსებული ინფორმაციით, 2011 წლიდან, ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პორტის 500 -ზე მეტმა თანამშრომელმა სხვადასხვა მიზეზით სამსახური დაკარგა, ძირითადად კი დასახელდა - საპენსიო ასაკი და არაპროფესიონალიზმი .
მათ პორტის ადმინისტრაციამ დაუნიშნა ერთწლიანი ფულადი კომპენსაცია, რომლის ვადაც დეკემბერში იწურება. აქციაზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ ამის შემდეგ ისინი ყოველგვარი სახსრების გარეშე რჩებიან. მათ შორის არის 2008 წლის ომის დროს, ფოთის პორტის დაბომბვისას დაღუპული ლევან ტურავას მეუღლე, რომელიც ამბობს, რომ სამსახურიდან უმიზეზოდ განათავისუფლეს , მას ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს, რომლებსაც მარტო ზრდის და პრეზიდენტისთვის გაგზავნილი არაერთი წერილის მიუხედავად, სამსახურში აღდგენა ვერ შეძლო, მისი მდგომარეობა არც პორტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინო .
ფოთის პორტის გენერალური დირექტორის, ჯოზეფ ქროულის ინფორმაციით, ფოთის პორტის დაახლოებით 70 პროცენტი გაჩერებულია, არ მუშაობენ სანავსადგურო ფლოტის, რეზერვისტთა ჯგუფების თანამშრომლები და მეამწეები.
"ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ამ მოვლენების გამო უარყოფითად აისახება ნავსადგურზე. ნავსადგურთან პირდაპირ კავშირში ძალიან ბევრი ბიზნესია , იქნება ეს გადამზიდავი, თუ სხვა ტიპის კომპანიები. მომავალში შესაძლოა, დავდგეთ იმ საფრთხის წინაშე, რომ მათ არ შემოიტანონ ფოთის პორტში ტვირთები. ეს ძალიან ცუდად აისახება არამარტო ფოთის პორტის მდგომარეობაზე , მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაზე", - განაცხადა პორტის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ქროულიმ .