ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული  ახმედ ჩატაევი   სასამართლომ პატიმრობაში  დატოვა

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახმედ ჩატაევი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული დავიდ მაიერი (ახმედ ჩატაევი) საქალაქო სასამართლომ  პატიმრობაში დატოვა.  სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გირაოთი - 10 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  From.ge  უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ დავიდ მაიერის ბრლადების საქმეზე დანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დავიდ მაიერის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გირაოთი - 10 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. ბრალდებულ მაიერს, რომელიც, ამჟამად N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლის არგუმენტაციად დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, თუმცა ამავე სამედიცინო ცნობით ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, იმყოფება სტაციონარში მედ-პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე აღკვეთი ღონისძიების საკითხის გამოყენებისას დასაბუთებულად იქნა მიჩნეული, რომ ბრალდებული მიემალებოდა და თავს აარიდებდა სასამართლოს, ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას, ვინაიდან ბრალდებული არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, აქვს კონტაქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ, ხშირად შემოდიოდა და ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას და არ გააჩნია საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის ახალი გარემოება, რაც გავლენას იქონიებდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე.

საქმის მასალების მიხედვით, 2012 წლის 7 სექტმებერს თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ლოპოტას მარცხენა სანაპიროზე სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებული დავიდ მაიერი. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა, კერძოდ 2 ცალი ხელის მსხვრევადი ყუმბარა 2 ცალ ამფეთქ ფალიასთან ერთად, რომელიც ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა.

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა წინასასამართლო განხილვაზე მის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები დაშვებულ იქნა საქმის არსებითი განხილვისათვის. საქმის არსებითი განხილვის სხდომა დაინიშნა 2012 წლის 15 ნოემბერს 12.00 საათზე", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.