საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
ფანჯიკიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა, პრემიერ-მინისტრის აპარატთან ასეთი თანამდებობის შექმნა ფუნქციების გადაფარვას არ გამოიწვევს.
„რუსეთთან ურთიერთობების ერთი ფორმატი - ჟენევის დისკუსიები გვაქვს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით იმართება. ეს ფორმატი იმავე სახით უნდა გაგრძელდეს, როგორც არის და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს კიდევ უფრო გაღრმავდეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იქნება, ამისთვის პერმიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური წარმომადგენელი დაენიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ზურაბ აბაშიძე ძალიან გამოცდილი დიპლომატია და დიდი ავტორიტეტი აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთში.
„ჰყავს ნაცნობობის ფართო წრე და ეს არის სწორედ ის თვისებები, რის გამოც მას ამ ფუნქციის შესრულება დაევალა. ეს ორი რამ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში აბსოლუტურად არ არის. ჩვენ გვაქვს და გვექნება მასთან ინტენსიური კონსულტაციები. მისი უშუალო ხელმძღვანელი არის პრემიერი, მაგრამ საგარეო უწყება ასევე იქნება ჩართული ყველა საკითხში, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ეხება“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.