პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი თავდაცვის ექსმინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმესაც შეისწავლის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი საფრანგეთის მთავრობამ მისცა და ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის სასამართლომ მიიღო, შესაბამისად, სამუშაო ჯგუფი ამ საქმესაც განიხილავს.
„საქმეების განხილვაზე ვერავის ვეტყვით უარს. ვისი საქმეც გადმოცემულია, ის განიხილება“, - დასძინა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფი დღეს შეიქმნა. ჯგუფში იმუშავებენ - ნანა კაკაბაძე, ნინო გვენეტაძე, ია მეტრეველი, კახი კახიშვილი, გიორგი გოგია, ზაზა ხატიაშვილი, უჩა ნანუაშვილი, ეკა ფოფხაძე, ირინა ფუტკარაძე, მერაბ ტურავა, მიხეილ ალაქიანი და ლევან ჩიტაძე.
რაც შეეხება ჯგუფში უმცირესობის კვოტას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯგუფში სამი ადამიანის წარდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლება. ჯგუფის ხელმძღვანელი კი, დეპუტატი ეკა ბესელია იქნება.
სამუშაო ჯგუფი, პირველ ეტაპზე, 185 პოლიტპატიმრისა და 13 პოლიტდევნილის საქმეებს შეისწავლის, თუმცა, შესაძლოა, აღნიშნულ რაოდენობას მუშა პროცესში სხვა საქმეებიც დაემატოს.
აღნიშნული ჯგუფი კვირაში სამი დღე იმუშავებს და საქმიანობას სამუშაო გრაფიკის მიხედვით წარმართავს.