პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების საქმეებს შეისწავლის.
ჯგუფის შემადგენლობას დღეს, კომიტეტის სხდომაზე უყარეს კენჭი და ჯგუფში იმუშავებენ - ნანა კაკაბაძე, ნინო გვენეტაძე, ია მეტრეველი, კახი კახიშვილი, გიორგი გოგია, ზაზა ხატიაშვილი, უჩა ნანუაშვილი, ეკა ფოფხაძე, ირინა ფუტკარაძე, მერაბ ტურავა, მიხეილ ალაქიანი და ლევან ჩიტაძე.
რაც შეეხება ჯგუფში უმცირესობის კვოტას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯგუფში სამი ადამიანის წარდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლება. ჯგუფის ხელმძღვანელი კი, დეპუტატი ეკა ბესელია იქნება.
სამუშაო ჯგუფი, პირველ ეტაპზე, 185 პოლიტპატიმრისა და 13 პოლიტდევნილის საქმეებს შეისწავლის, თუმცა, შესაძლოა, აღნიშნულ რაოდენობას მუშა პროცესში სხვა საქმეებიც დაემატოს.
აღნიშნული ჯგუფი კვირაში სამი დღე იმუშავებს და საქმიანობას სამუშაო გრაფიკის მიხედვით წარმართავს.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტის დღევანდელი სხდომა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კენჭისყრები კი, უმცირესობის წევრებმა აკაკი მინაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, მარიამ საჯაიამ, გიორგი კანდელაკმა, დავით საყვარელიძემ და თამარ ბოკუჩავამ დატოვეს.