უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ქართულ- რუსულ ურთიერთობებში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ გამოიწვევს.
დარჩიაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირება მხოლოდ რუსული სცენარითაა შესაძლებელი, თუ საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს საკუთარი ნებით შეიზღუდავს.
„ორ ქვეყანას შორის რაიმე ცვლილებას არ ველოდები. ურთიერთობის დარეგულირება და დალაგება პუტინის ხელისუფლებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვინმე საკუთარ სუვერენულ უფლებებზე უარს იტყვის და თუ ამას ვინმე აპირებს, ეს გამოჩნდება. პუტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირება მხოლოდ რუსული სცენარით შეიძლება, როდესაც საქართველო თავის სუვერენიტეტს საკუთარი ნებით შეზღუდავს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება ქვეყნის პრემეირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საწყის ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის აღდგენაა შესაძლებელი, დარჩიაშვილი ცვლილებებს არც ამ მიმართულებით ელოდება.
„არამგონია ერთჯერადი აქციებით, პროდუქციის ერთი კონტეინერი თუ რამდენიმე კონტეინერი სადღაც გაიგზავნოს, თუ ვინმე ურთიერთობის დარეგულირებაში ამას გულისხმობს არ ვიცი, თუმცა არც ამ მხრივ ველოდები ცვლილებებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.