განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სკოლებიდან სხვადასხვა პერიოდში გათავისუფლებული დირექტორებისა და პედაგოგებისგან მიღებულ წერილებზე ბრიფინგი გამართა.
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა აღარ უნდა მოხდეს.
მინისტრი მხარეებს მოუწოდებს, მოხდეს მათ შორის მორიგება და შესაძლებლობის შემთხვევაში, გათავისუფლებული პირები სამსახურს დაუბრუნდნენ.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ თუ საქმეში აუცილებელი გახდა მისი უწყების უშუალო ჩართვა, მაშინ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მიღებულ წერილებს და საჩივრებს განიხილავს.
„მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვთვლი, რომ იმ ავტორიტარულ სისტემაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა, ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში პოლიტიკური ნიშნით დაყოფა აღარ მოხდეს. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას და ისინი ჯანსაღ გარემოში უნდა იზრდებოდნენ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.