ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ქეით ჯულიანს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, მინისტრმა სტუმარს სამინისტროს ახალი გუნდის წევრები, გიორგი თაბუაშვილი და დავით ლეჟავა წარუდგინა, რომლებიც საბიუჯეტო მიმართულებასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას კურირებენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით უკვე დაფინანსებული პროექტები განიხილეს, ასევე მიმდინარე პროგრამებსა და შესაძლო ახალ მიმართულებებზე ისაუბრეს.
აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. საქართველო ბანკის წევრი 2007 წლის თებერვალში გახდა. ADB სესხების გაცემისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის გზით წევრი ქვეყნებისათვის პრიორიტეტულ პროგრამებსა და პროექტებს აფინანსებს.
ამჟამად, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება საქართველოში მოიცავს კომუნალურ, ურბანულ, მუნიციპალურ, წყლის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სექტორებს.
ბანკის მიერ ხორციელდება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა. მისი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია საბანკო და საწარმოო სექტორის დაკრედიტება. განიხილება თანამშრომლობის შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში.
როგორც აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, ბანკი მომავალში აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერის კუთხით.