სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების მინისტრს რუსთავის #16 დაწესებულებაში დაფიქსირებული ფაქტების სიღრმისეულად შესწავლისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების მინისტრს რუსთავის #16 დაწესებულებაში დაფიქსირებული ფაქტების სიღრმისეულად შესწავლისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს რუსთავის #16 დაწესებულებაში დაფიქსირებული ფაქტების სიღრმისეულად შესწავლისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია , რომ 2012 წლის 31 ოქტომბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულთა დიდ ნაწილს. მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს მიაწოდეს კოლექტიური განცხადებები , ხოლო თითოეულს ხელს აწერს რამდენიმე ასეული პატიმარი.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულთა გადმოცემით, 2012 წლის 29 ოქტომბერს დაწესებულებაში შეიცვალა დირექტორი, რომელმაც მოსვლის დღიდან დაიწყო ძველი მეთოდების დამკვიდრება - პატიმრებს დაუწესდათ გაუმართლებელი შეზღუდვები , კერძოდ, აღარ აძლევენ ეკლესიაში გადასვლის საშუალებას, საკანში სარეცხის გაფენის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი არ არსებობს. მსჯავრდებულთა განცხადებით, ახალი დირექტორი პატიმრებს ემუქრება სასჯელის დამატებით, სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანით. მათი თქმით, პატიმრებს უმიზეზოდ სჯიან და გადაჰყავთ სამარტოო საკანში.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მსჯავრდებულების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ #16 დაწესებულებაში განთავსებულნი არიან პატიმრები, რომლებისთვისაც ახალ დირექტორს ლევან აბურჯანიას, პოლიციაში მუშაობის დროს, "ჩადებული"აქვს ნარკოტიკი და რომლებიც ნაცემი ჰყავს.

"მსჯავრდებულთა გადმოცემით, დაწესებულებაში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ გამოჩნდნენ ის ძველი თანამშრომლები, რომლებიც ვაჟა ცხვედიანის დირექტორობის პერიოდში სისასტიკით გამოირჩეოდნენ. 31 ოქტომბერს ვრცელდებოდა ინფორმაცია ნაცემი პატიმრების თაობაზე, თუმცა სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის პატიმრებს აღნიშნულის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ" - ნათქვამია განცხადებაში.

 ამასთან , სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტის ნიშნად არ ისარგებლებენ პაემნებით და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პატიმრებს შორის არანაირი სახის უთანხმოება არ არსებობს, ხოლო ინფორმაცია, თითქოს #16 დაწესებულების მსჯავრდებულები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები, მცდარია.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მონიტორინგის დროს #16 დაწესებულებაში 5 პატიმარი შიმშილობდა - ორი პატიმარი სამარტოო საკანში განთავსებას , ხოლო სამი მათი თანასაკნელების სამარტოო საკანში გადაყვანას აპროტესტებდა.

"სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სიღრმისეულად შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტები და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ პატიმართა მიერ ხელმოწერილი განცხადებები რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.