ბიძინა ივანიშვილი: ლაშა ნაცვლიშვილი ღირსეული პიროვნებაა

ბიძინა ივანიშვილი: ლაშა ნაცვლიშვილი ღირსეული პიროვნებაა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილს ღირსეულ პიროვნებად აფასებს.

მისი თქმით, შესაძლოა ნაცვლიშვილის სიტყვები კონტექსტიდან ამოჭრეს და სხვა მნიშვნელობა მიანიჭეს.

ასე უპასუხა ივანიშვილმაა ჟურნალისტს კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ლაშა ნაცვლიშვილმა 2008 წელს ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ „უკეთესი იქნებოდა თუ რუსეთი თბილისს აიღებდა“.

„ლაშა ძალიან ჭკვიანი კაცია. თუ ეს სიტყვები თქვა, არ ვიცი, რა ჰქონდა მხედველობაში. საერთოდ თქვა თუ არა, ჯერ ეს უნდა გავიგო. ხშირად კონტექსტიდან ჭრიან სიტყვებს და ისე იყენებენ. ვფიქრობ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ღირსეული პიროვნებაა, მას აქვს ნორმალური წარსული და ვეჭვებ, მსგავსი პოზიცია ჰქონოდა“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი პოზიცია მისთვის მიუღებელი იქნებოდა.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოში სადამდეც შემოვიდა,  იქამდეც არ უნდა შემოსულიყო და ამით უბედურება მოხდა.

„რასაკვირველია ყველა ქართველის პოზიცია ასეთია და მათ შორის ჩემიც“ - აღნიშნა მან.