იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსს ხათუნა იოსავას განცხადებით, ის ამაყობს, რომ ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობით მან ოთხი უბედნიერესი წელი იმუშავა და თან ეს წლები სამინისტროს „ოქროს ხანას“ დაემთხვა. ეს განცხადება ხათუნა იოსავამ სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
"თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი სამსახურიდან წამოსვლა ურთიერთშეთანხმებით მოხდა. მადლობა თეა წულუკიანს გულწრფელობისთვის - მან მითხრა, რომ მე პროფესიონალი და კეთილსინდისიერი თანამშრომელი ვარ. არ მოვყვები მადლობებს და სინანულებს. უბრალოდ, მინდა, ვთქვა - ვამაყობ იმ 4 წლით, რომელიც იუსტიციის სამინისტროში გავატარე.
ბედნიერი ვარ, რომ იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელიც ძალიან ნოვატორულ პროექტებს ახორციელებდა ჩვენს ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობით. შესაძლოა, ეს პროექტები ზოგჯერ ხალხის განვითარებას ასწრებდა, მაგრამ მაინც მჯერა, რომ პროგრესი ყოველთვის ხალხისთვისაა. მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე, სამწუხაროდ, ბევრს ვერ დავეხმარე (მათი თხოვნები ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა, თუმცა მზად ვიყავი ყველასთვის მომესმინა); ხორცები მეწვის, როდესაც ვფიქრობ, რომ ვერ დავეხმარე ჩემი უახლოესი მეგობრის მამას, რომელიც ციხეში სასჯელს იხდის. დავკარგე უძვირფასესი მეგობარი. არ იყო ადვილი ეს 4 წელი. იყო შემთხვევებიც, როდესაც ზღვარზე ვიყავი - ფოტოგრაფების საქმე და ქუთაისში მემორიალის აფეთქებისას დედა-შვილის დაღუპვა, მაგრამ პროგრესი ყოველთვის სძალავდა ამ სტრესებს", - წერს ხათუნა იოსავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
"შეიძლება, ყოველთვის ზედმიწევნით ვერ გამომდიოდა ასე მუშაობა, მაგრამ მცდელობა ნამდვილად არ დამიკლია. თუ პასუხი არ მქონდა, ვცდილობდი უყურადღებოდ მაინც არ დამეტოვებინა ჟურნალისტის ზარი.
ზურაბ ადეიშვილის გუნდში მუშაობა ჩემთვის იყო პასუხისმგებლობა და მადლიერი ვარ უფლის, რომ ასეთი განვითარების შანსი მომეცა. მე ვფიქრობ, ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში "ოქროს ხანაში". დარწმუნებული ვარ "რენესასნსიც" ასეთივე საამაყო იქნება თანამშრომლებისთვის", - აღნიშნავს იოსავა.