ზურაბ აბაშიძე:  გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯზე რუსეთის მხარეს ექნება შესაბამისი რეაქცია და გადადგამს ანალოგიურ ნაბიჯს

ზურაბ აბაშიძე: გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯზე რუსეთის მხარეს ექნება შესაბამისი რეაქცია და გადადგამს ანალოგიურ ნაბიჯს

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისი ამოცანა რუსეთთან პროგნოზირებადი , პრაგმატული და კეთილსინდისიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებაა .

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ივანიშვილს განსაკუთრებული ნდობისაათვის . მე კარგად მესმის, თუ რა რთულ და საპასუხისმგებლო ამოცანასთან მექნება საქმე, რადგან რუსეთთან ურთიერთობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველაზე უფრო პრობლემური თემაა" , - განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება აღნიშნული თანამდებობის შემოღების შესახებ ადასტურებს საქართველოს მთავრობის მზადყოფნას - შეიქმნას რუსეთთან ურთიერთობის, კომუნიკაციის და დიალოგის ახალი დამოუკიდებელი არხი.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯზე რუსეთის მხარეს ექნება შესაბამისი რეაქცია და გადადგამს ანალოგიურ ნაბიჯს" - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ ამასთან , შენარჩუნებული იქნება ჟენევის ფორმატი, რადგან მას თავისი მოვალეობა გააჩნია.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთულესი პრობლემების განხილვა, მათი ეტაპობრივი მოწესრიგება, მხარეებს შორის ნდობის ფაქტორის შექმნა, პერსპექტივაში კი - კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება უნდა იყოს.

"ეს ალბათ არ იქნება იოლი საქმე. ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ რუსეთთან პროგნოზირებადი , პრაგმატული და კეთილსინდისიერი ურთიერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მომავალზე, სამართლიან გადაწყვეტილებებზე, ასევე, ერთობლივი საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში შესაძლო კოორდინირებულ ქმედებაზე" - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, დასახელებული მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საქმეებში თავისუფალი არჩევანის პრინციპებს შეესაბამება.