ავიასაწარმოებს საქართველო-ისრაელის მიმართულებით შეზღუდვები ეხსნებათ

ავიასაწარმოებს საქართველო-ისრაელის მიმართულებით შეზღუდვები ეხსნებათ

ავიასაწარმოებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა თბილისი-თელავივის გარდა, საქართველოსა და ისრაელის ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტში განახორციელონ.

ამ საკითხს, ქვეყნებს შორის გაფორმებული  - „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ითვალისწინებს.

როგორც from.ge-ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ განუმარტა, საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნებს შორის შეთანხმება 1995 წელს იყო გაფორმებული, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა.

მისი თქმით, ძველი შეთანხმების მიხედვით, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი მხოლოდ თბილისი-თელავივის მიმართულებით იყო, თუმცა, ახალი შეთანხმებით, კომპანიებს სასურველი მიმართულებით, ფრენების შესრულების საშუალება ექნებათ.

„საქართველოს ამ ტიპის ხელშეკრულება 35 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

აქამდე არსებული შეთანხმება მოძველებულია. შეზღუდვა იყო  ავიასაწარმეობის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოდან ფრენებს მხოლოდ „აირზენა“ ახორციელებდა, ისვე როგორც ისრაელს ერთი კომპანია წარმოადგენდა.  

ამ მხრივ, შეზღუდვები იხსნება და შესაძლებელია ავიაბაზარზე რამდენიმე კომპანია შემოვიდეს. ასევე შეზღუდვა იყო  ტარიფებთან დაკავშირებით, მომავალში კი, ტარიფები განისაზღვრება დამოუკიდებლად ავიასაწარმოს მიერ, ხოლო ფრენების სიხშირე დამოკიდებული იქნება საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.