31 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის შსახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლემ ეკა არეშიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, 2012 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დასწრების მიზნით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტი ვლადიმერ არევაძე ეწვია.
სასამართლოს ცენტრალურ შემოსასვლელთან მანდატურებმა მოქალაქე არევაძეს სასამართლოს შინაგანაწესით გაწერილი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით შემოწმების გავლა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს, რაზეც არეშიძის თქმით, სტუდენტმა უარი განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ვლადიმერ არევაძე არ დაემორჩილა მანდატურის კანონიერ მოთხოვნას და აღნიშნულის გათვალისწინებით, მანდატურებმა მოქალაქეს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.
სპიკერ-მოსამართლის განცხადებით, საქმის განმხილველი მოსამართლის ნებართვით, მოქალაქე ვლადიმერ არევაძე სასამართლო პროცესზე დაუშვეს, იგი გაემართა სხდომის დარბაზისაკენ, სადაც შემოწმება უნდა გაევლო და ტელეფონი ჩაებარებინა, თუმცა, იგი ამჯერადაც არ დაემორჩილა მანდატურის კანონიერ მოთხოვნას და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია მას. ამასთანავე, არეშიძის განცხადებით, სიტყვიერად შეურაცხყოფდა მანდატურებსა და სასამართლოს, რაც თვითმხილველთა ჩვენებებით დასტურდება.
„ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით მანდატურებმა მიმართეს კანონით გათვალისწინებულ პროცედურას და მიუხედავად ფიზიკური წინააღმდეგობისა, დააკავეს მოქალაქე და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია მისი ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების მიზნით. ალკოტესტის მონაცემებით დადასტურდა რომ მოქალაქე ვლადიმერ არევაძე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში“ - განაცხადა სპკერ-მოსამართლემ და დასძინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, ვლადიმერ არევაძე სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა, ხოლო განკარგულება არ საჩივრდება.
ამასთან, სასამართლო თხოვნით მიმართავს საზოგადოებას თავი შეიკავონ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.