არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების  ხელმძღვანელობას, #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარების საფუძვლიანად შესწავლისაკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობას, #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარების საფუძვლიანად შესწავლისაკენ მოუწოდებენ

რუსთავის #16 სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“(GCRT) და „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მათ სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება  აქვთ მინიჭებული.

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, დაწესებულებაში ვიზიტის საფუძველი რუსთავის #16 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არსებული დაძაბულობის შესახებ  გავრცელებული ინფორმაცია იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორს, სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს, ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ კორპუსებზე განთავსებულ მსჯავრდებულებს, აგრეთვე დაწესებულების შესასვლელთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს.

მათი განცხადებით, დაწესებულებაში სიმშვიდეა, პატიმრები უარყოფენ მათი მხრიდან რაიმე სახის არეულობის მცდელობას.  

„ვიზიტისას შიმშილობდა სამარტოო საკანში მოთავსებული ორი პატიმარი და აგრეთვე მათი თანამოსაკნე რამდენიმე მსჯავრდებული ,,ა“ კორპუსზე.

საუბრისას პატიმრებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ დაწესებულების ახლადდანიშნული დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მუქარის სახით, რასაც  კატეგორიულად უარყოფს დაწესებულების დირექტორი.  იგი ასევე აცხადებს, რომ დაწესებულებაში იმყოფებიან ე.წ. ,,მაყურებლები“, რომლებსაც სურვილი აქვთ მოიპოვონ გარკვეული პრივილეგიები,  თუმცა არ აპირებს მათთან უკანონო დათმობებზე წასვლას.  

პატიმრების განცხადებით მათი ნეგატიური დამოკიდებულება აგრეთვე გამოიწვია ამჟამინდელი დირექტორის სამართალდამცავ ორგანოებში მისი ადრინდელი საქმიანობის პერიოდში განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა, რომელიც უშუალოდ შეეხო ამჟამად  რუსთავის #16 დაწესებულებაში მოთავსებულ 50–მდე პატიმარს.

პატიმრების პროტესტი ასევე უკავშირდება დაწესებულების ტერიტორიაზე ძველი თანამშრომლების გამოჩენას, რომლებიც მათი განცხადებით პატიმართა მიმართ ახორციელებდნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები. აღსანიშნავია, რომ დირექტორი არის ორი დღის დანიშნული და როგორც თავად აცხადებს  გეგმავს ძველი თანამშრომლების შეცვლას, რისთვისაც დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

 პატიმართა ძირითადი მოთხოვნა უკავშირდება დირექტორისა და იმ ძველი თანამშრომლების დათხოვნას, რომლებიც ახორციელებდნენ არაადამიანურ მოპყრობას პატიმართა მიმართ, აგრეთვე გარკვეული სახის უკანონო შეზღუდვების დაწესებას ადმინისტრაციის მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრისას მსჯავრდებულებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს  წერილობითი მიმართვა გადასცეს, რომელსაც 444 პატიმარი აწერს ხელს.  

გარდა ზემოაღნიშნულისა, პატიმართა განცხადებით კვლავაც პრობლემურია ჯანდაცვის, დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების, პრესის ხელმისაწვდომობის საკითხები.

შესაბამისად, მითითებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობას, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ შექმნილი ვითარება თავისუფლების აღკვეთის #16 დაწესებულებაში.

 აგრეთვე ისინი იმედოვნებენ, რომ დაწესებულებაში შენარჩუნდება სიმშვიდე და წესრიგი და სათანადო ყურადღება მიექცევა პატიმართა პრეტენზიებს. შეინიშნება პატიმრებთან ადმინისტრაციისა და უწყების მხრიდან კომუნიკაციის დეფიციტი.

რუსთავის #16 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიაწოდონ დაწესებულებაში არსებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია, იმ თანამშრომელთა სია,  რომლებიც პატიმართა მტკიცებით მონაწილეობდნენ არასათანადო მოპყრობაში და კვლავაც რჩებიან დაწესებულებაში,  აგრეთვე პატიმართა მიერ მოწოდებული საჩივარი.