რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელთა პუნქტში იმყოფებოდა.
ნარმანია თანამშრომლებს შეხვდა და საშემოდგომო გაწვევის პროცესს დაესწრო.
მისი შეფასებით,საშემოდგომო გაწვევის პროცესი მოწესრიგებულად მიმდინარეობს.
„ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ამ დაწესებულებაში. გავეცანი უშუალოდ როგორ მიმდინარეობს გაწვევის პროცესი. მინდა, გითხრათ, რომ ეს პროცესი ნორმალურად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. ერთადერთი, რაზეც თანამშრომლებთან საუბარი გვქონდა, არის ის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ელექტრონული აღრიცხვის სისტემაზე გადასვლა და ქაღალდზე მუშაობა მნიშვნელოვანი ცვლილებებით შეიცვალოს“,- განაცხადა ნარმანიამ.
ნარმანია აღნიშნავს, რომ წვევამდელთა გაწვევის კომისიის სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება, ხოლო კომისიის შემადგენლობა თავის მხრივ, განახლდება.
ცნობისთვის, ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2010 წლის საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს, რომელსაც კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე სულ 9600-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება, რითაც საქართველოს სასაჯელაღსრულების, თავდაცვისა და შს სამინისტროების მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება.
ამჟამად უკვე გაწვეულია 5200 წვევამდელი.