ჯოზეფ ქროული:  ფოთის პორტის თანამშრომლებმა  თავიანთ მოთხოვნებზე პასუხი უკვე მიიღეს

ჯოზეფ ქროული: ფოთის პორტის თანამშრომლებმა თავიანთ მოთხოვნებზე პასუხი უკვე მიიღეს

ფოთის პორტის გენერალური დირექტორის  ჯოზეფ ქროულის განცხადებით, თანამშრომლებმა თავიანთ მოთხოვნებზე პასუხი უკვე მიიღეს.

„ჩვენ გვესმის, რომ თანამშრომლებს აქვთ პრეტენზიები, მაგრამ არ მესმის, როცა ისინი ამბობენ, თითქოს დირექციისგან კონკრეტული პასუხები არ აქვთ. ჩვენ მათ გადავეცით გუშინ საღამოს პირობა, რომ რეზერვისტ თანამშრომლებსაც კი გაეზრდებათ ხელფასი 40%-ით, ხოლო ხელშეკრულებები გაფორმდება ყველა მათგანთან 1 იანვრამდე, ჩვენი იურისტები ამ საკითხებზე უკვე მუშაობენ“,- განაცხადა ქროულიმ.

ცნობისთვის, ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეებმა უვადო გაფიცვა გამოაცხადეს.  300-მდე  გაფიცული მუშა-მოსამსახურე  პორტის შესასვლელთან შეიკრიბნენ.

 ისინი პორტის მენეჯმენტს ხელფასების გაზრდისა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის თაობაზე პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, 10 ოქტომბრის გაფიცვის შემდეგ, პორტის მენეჯმენტისგან მიიღეს დაპირება, რომ გაიზრდებოდა ხელფასები, შეიქმნებოდა ღირსეული სამუშაო პირობები და გაფორმდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები, თუმცა აღნიშნავენ, რომ  არც ერთი პირობა არ შესრულებულა.

„აქედან გამომდინარე, დღეს ისევ გამოვაცხადეთ უვადო გაფიცვა, რომელიც ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დასრულდება“, - აცხადებენ ისინი.