აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომამ 13 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრმა კენჭისყრისას თავი შეიკავა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს ოთხი მინისტრი წარუდგინა დასამტკიცებლად.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად გიორგი თავართქილაძე დაინიშნა, რომელიც „ვითიბი ბანკის“ აჭარის ფილიალის დირექტორი იყო; აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გახდა, რომელიც დღემდე ამავე სამინისტროში მუშაობდა.
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი გახდა, რომელიც აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად კი, ზაურ ფუტკარაძე დაინიშნა, რომელიც „ფერმერთა სახლის“ მეპატრონეა.
უმაღლეს საბჭოში მოწვეული სტუმრის სტატუსით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც აჭარის მოსახლეობას მთავრობის დამტკიცება მიულოცა, ხოლო მინისტრებს წარმატებები უსურვა.