დავით ცირამუა: დევნილთა მიერ შენობების დაკავება მართული პროცესია,  არ არის გამორიცხული, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერაც

დავით ცირამუა: დევნილთა მიერ შენობების დაკავება მართული პროცესია, არ არის გამორიცხული, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერაც

საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობას“ ხელმძღვანელი დავით ცირამუა დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს სხვადასხვა შენობებში უკანონოდ შეჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მან from.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსახლეობამ შვება იგრძნო და სხვადსხვა ფენის ადამიანებმა თავისი უფლებების დაცვა დაიწყეს, რაც ცირამუას განცხადებით, აქამდე დეფორმირებული იყო.

როგორც ცირამუამ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ მათ საკუთარი უფლებების დაცვა დაიწყეს, მისასალმებელია, რადგან, მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში არ არსებობდა სისტემური და ინდივიდუალური მიდგომა დევნილებისადმი და მათი პრობლემებისადმი.

„სოლიდარობას“ ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ დევნილების მიმართ დამოკიდებულება შეცვლა, აღნიშნული სოციალური ფენის მოქალაქეების მხრიდან შენობების უკანონოდ დაკავება არასწორი ნაბიჯია.

„ივანიშვილმა თავის პროგრამაში ჩამოაყალიბა სახელმწიფოს მიდგომები დევნილი მოსახლეობისადმი და სოციალურად დაუცველი ფენებისადმი, რაც რეალურად დადგა კიდეც. კარები გაიღო. დღეს კი როცა ვხედავთ რომ ისინი სხვადასხვა შენობებში შეიჭრნენ, ჩვენ მათ მიმართ ვერ ვიქნებით სოლიდარულები, რადგან მათი ასეთი ქმედება არ იქნებოდა სწორი, მაშინ,  როცა თვითონ ქვეყანამ შეცვალა თავისი დამოკიდებულება საზოგადოების ამ სეგმენტისადმი“ - განაცხადა ცირამუამ.

მისივე თქმით, მეორე საკითხია ის, რომ ახალი ხელისუფლება სულ რამდენიმე დღეა ქვეყნის სათავეში მოვიდა, ხოლო დევნილთა ახალი მინისტრი „ალბათ კაბინეტში შესული არც არის, არათუ საკითხები აქვს შესწავლილი“.

 ამასთან, დავით ცირამუა ფიქრობს, რომ დევნილთა და სოციალურად დაუცველთა მიერ შენობების უკანონოდ დაკავება მართული პროცესია და ამ საქმეში ის პირები არიან ჩართული, რომლებიც ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობენ.

„ლოგიკურად, ეს მართვადი პროცესი. ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერაც იყოს მართული და ვინმეს რევანშის სურვილი ამოძრავებდეს. შესაძლოა, ვინმე ამას ორგანიზებულად არ აკეთებდეს, მაგრამ არსებობენ ყოფილი ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში უარყოფით როლს ასრულებდნენ“ - განაცხადა ცირამუამ და დასძინა, რომ დევნილებმა და სოციალურად დაუცველთა ფენის წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ მთავრობის მიერ წამოწყებულ პროცესებს.