თბილისის პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყება იგეგმება

თბილისის პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყება იგეგმება

საკანონმდებლო ორგანოს დეპარტამენტების თანამშრომლები, რომლებიც საპარლამენტო დარბაზებში ტექნიკურ საკითხებს აწესრიგებენ, თბილისში „ქართუ ჯგუფში“ დაიბარეს.

 ამის შესახებ from.ge-ს  სანდრო წყარომ განუცხადა.

 მისი ინფორმაციით, ტექნიკური პერსონალის დაახლოებით 20 წარმომადგენელი ხვალ, „ქართუ ჯგუფში“ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობაში გადაინაცვლებენ და არსებულ ვითარებას შეისწავლიან.

 from.ge-ს ინფორმაციით, თბილისში არსებული პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, „ქართუ ჯგუფში“ დღეს თათბირი ჩატარდა და ხვალ, დანიშნულ თათბირს უკვე პარლამენტის თანამშრომლებიც დაესწრებიან.

 შეგახსენებთ, რომ თბილისის პარლამენტის შენობაში, ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკის დარბაზებში, ასევე პლენარული სხდომის დარბაზში, დემონტაჟი  სექტემბრის შუა რიცხვებში განხორციელდა. შენობის დემონტაჟთან ერთად, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ სამსახურში მისვლა საჭირო აღარ იყო და ისინი საქმიანობას 2 ოქტომბერს ქუთაისის ახალ პარლამენტში გააგრძელებდნენ. რაც შეეხება უწყებაში არსებულ ინვენტარს, არსებული ინფორმაციით, ინვენტარი სხვადასხვა უწყებებში გადანაწილდა.