"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
ამასთან დაკავშირებით, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართა.
ჯაფარიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს იმ კურსს, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების წინააღმდეგ, ჩასაფრებულის პოზიციაში იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ, საქართველოში მაღალ თანამდებობებს გასულ წლებშიც ფლობდნენ და კორუფციულ გარიგებებშიც მონაწილეობდნენ.
ჯაფარიძის თქმით, შესაძლოა, ადამიანის თვითტრანსფორმაციის პერიოდი დამაჯერებელი იყოს, თუმცა იმ ადამიანების ცვლილება, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ, რთული დასაჯერებელია.
„როდესაც საქმე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ეხება, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი ვალია საზოგადოებას შევახსენოთ, საიდან მოვდივართ და განვუმარტოთ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების ნაწილს, მაღალი თანამდებობა ეკავათ იმ დროში, როცა ქვეყნის მართვის პროცესში ე.წ. ქურდების სახით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები იყვნენ ჩართულნი, როდესაც კორუფცია საჯარო სამსახურში არნახულ მასშტაბებს აღწევდა და როდესაც ქართული სახელმწიფოს საჯარო სტრუქტურები განსაკუთრებით სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტურები მტერი სახელმწიფოს სპეციალური სამსახურის თანამშრომლებით იყო გაჯერებული.
მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე 2003 წელს ერთ-ერთ გახმაურებულ კორუფციულ სკანდალში ფიგურირებდა და იმავე ადამიანს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „ხანდახან ვფიქრობ, შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა“. ეს სიტყვები ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ლაშა ნაცვლიშვილმა თქვა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.