უფლებადამცველის და ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი, გიორგი თევზაძე რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე From.ge-სთან საუბრობს და აცხადებს, რომ პატიმრები ახლაც დაუკავშირდნენ ციხიდან და სთხოვეს უფლებადამცველებმა და მედიის წარმომადგენლებმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ, რადგან წუხანდელი ღამის გამო, ციხის ადმინისტრაცია მათ მუქარას ისევ განაგრძობს.
„სამი ათასი პატიმარი აპროტესტებს ციხის უფროსად ლევან აბურჯანიას დანიშვნას და მას პირველივე წუთებიდან არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. პატიმრების განცხადებით, მათ მწუხრის ლოცვაზე დასწრების უფლება არ მისცეს. სამი ადამიანი შეხვდა ციხის ადმინისტრაციას და ახლად დანიშნულ დირექტორს და მოითხოვა გაეცათ პასუხი, რა მიზეზით არ უშვებდნენ მათ ეკლესიაში.
აბურჯანიამ პატიმრებს განუცხადა, რომ რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში არსებობს მიდგომები და ის დააყენებს წესრიგს, წინააღმდეგობის გაწევისთვის ის გამოიყენებს კარცერს. ამ დაწესებულებაში არის 10 კამერა, სადაც პატიმრები ტიხრულ მინანქარზე მუშაობენ და ისინი ითხოვენ რომ დილით ეკლესია გაუღონ, რათა დილის ლოცვას დაესწრონ“,-აცხადებს თევზაძე.
უფლებადამცველის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოწყობილი არეულობა არ არის არც გარედან და არც „მაყურებლების“ მიერ მართული.
„მე ლალი მოროშკინასთან და დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად ვიყავი შესული დაწესებულებაში. ჩვენთან ერთად იყვნენ შემობრძანებული მამაოები და მათ ჩვენთან ერთად მოისმინეს პატიმართა განცხადებები. პატიმრებს გააჩნიათ შიში, რომ მათ ისევ არ დაუწყონ არასათანადო მოპყრობა, რადგან ციხის ახლანდელ უფროს აბურჯანიასგან მოისმინეს, როგორც ისინი აცხადებენ, მუქარა და გარდა ამისა, პატიმართა განცხადებით, დაწესებულებაში ისევ რჩებიან ზედამხედველები და ბადრაგი, რომლებიც ადრე პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში იყვნენ შემჩნეულნი“,-აღნიშნა თევზაძემ.
გიორგი თევზაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია ან შეცდომით მიაწოდეს ინფორმაცია ლევან აბურჯანიას შესახებ, ეს სამინისტროს პრობლემაა.
„თუ არ აქვს ბატონ სუბარს ის ინფორმაცია, რეალურად რას ითხოვენ პატიმრები და რა გარემოებებთანაა დაკავშირებული მათი მოთხოვნები, ეს სტრუქტურის პრობლემაა და იმედია, გამოსწორდება. გამოიყოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეალურად შეისწავლის ციხეში არსებულ სიტუაციას და მუქარას ციხის დირექტორის მხრიდან. არა გენერალურმა ინსპექციამ და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ უნდა შეისწავლოსეს საკითხი, არამედ სპეციალური ჯგუფის მიერ უნდა იყოს შესწავლილი.
რაც შეეხება სასმელის „ბრაგის“ მოხარშვას. პატიმრები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არ ყოფილა. მაგრამ თუ მოიხარშა, ვიღაცას ხომ უნდა შეეტანა ინგრედიენტები, ამიტომ ისევ ადმინისტრაციის შეცდომამდე მივდივართ. აუცილებელია სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ არ ვაცხადებთ იმას, რომ ციხის ადმინისტრაცია ყველაფერზე უნდა დაყვნენ პატიმართა მოთხოვნებს, თუმცა მიდგომა უნდა იყოს ადეკვატური“,-აცხადებს თევზაძე.