ლალი აფციაური: გიორგი გაჩეჩილაძის  საქმე ტესტია,  თუ რამდენად შეიცვალა  და რამდენად სამართლიანი გახდა სასამართლო

ლალი აფციაური: გიორგი გაჩეჩილაძის საქმე ტესტია, თუ რამდენად შეიცვალა და რამდენად სამართლიანი გახდა სასამართლო

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს გიორგი გაჩეჩილაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ.

როგორც from.ge - ეს გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, სავარაუდოდ, ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე   „პირადი თავდებობის“ ფორმას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატიმროს გარეთ, გიორგი გაჩეჩილაძის ყოფაქცევაზე პასუხისმგებლობას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აიღებენ.

„გაჩეჩილაძისთვის ბრალის წაყენების ვადა დღეს საღამოს იწურება. შესაბამისად, სასამართლოც არ არის ჩანიშნული. ფაქტია, რომ მისი დაკავების მიზეზი ბუნებაში არ არსებობდა. ვფიქრობთ, რომ ბრალდების მხარე  პატიმრობას მოითხოვს. ბრალდების მხარის მოთხოვნა იმ თავითვე დაუსაბუთებელია.

 გამოძიებას რომ არ დაემალება გიორგი გაჩეჩილაძე,  ეს ცნობილია, იმიტომ რომ ის 30 - ში პოლიციაში გამოცხადდა,  გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია,  ჩვენება მისცა და აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მოთხოვნა, თუ ეს პატიმრობის თაობაზე იქნება დაუსაბუთებელია. დაცვის მხარე  „პირადი თავდებობის“ ფორმას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატიმროს გარეთ გიორგი გაჩეჩილაძის ყოფაქცევაზე პასუხისმგებლობას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აიღებენ. სავარაუდოდო, ასეთი ადამიანი შალვა შავგულიძე იქნება, თუმცა კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღის ბოლომდე მექნება“, - განაცხადა აფციაურმა და აღნიშნა, რომ ეს საქმე, თუ რამდენად შეიცვალა სასამართლო და რამდენად სამართლიანი გახდა ის, ტესტია.

აფციაურის თქმითვე, გიორგი გაჩეჩილაძის საქმეს საკმაოდ ცნობილი პროკურორი დავით ზვიადაძე ხელმძღვანელობს.

„ეს ის პროკურორია,  რომელიც ახალაიების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში ფიგურირებს. ამ შემთხვევაში, მხედველობაში მაქვს,  ახალაიების წინააღმდეგ პატიმართა სარჩელები.  ისინი  პირდაპირ ხელს ადებდნენ ახალაიებს, თუმცა  რატომღაც ახალაიები ამ პროკურორის მოღვაწეობით,  ყოველთვის უდანაშაულოები,  ხოლო პატიმრები, რომლებიც სასტიკად იყვნენ ნაწამები, დამნაშავეები გამოდიოდნენ. დღეს,  გიორგი გაჩეჩილაძის საქმეს ეს ადამიანი ხელმძღვანელობს. შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდია, ვნახოთ“, - განაცხადა აფციაურმა.

ცნობისთვის,სამართალდამცველებმა ხულიგნობის ლევან გაჩეჩილაძის შვილი 30 ოქტომბერს დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით). საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში“ მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა“,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.