კანონმდებლები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართავენ - საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობის პროცესის სამართლებლივი შესწავლა მოხდეს.
პარლამენტის მშენებლობის პროცესის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობს დღეს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, from.ge -ს ტყემალაძემ განუცხადა, პარლამენტის მშენებლობის დამკვეთი - შ. პ. ს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოა.
"დამკვეთი კერძო სამართლის იურიდიული პირია და მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. როგორც ირკვევა, ამ სააგენტომ არ იცის რა უნდა გაკეთებულიყო. კერძოდ, ვიღაც მშენებლებს ეტყოდა ეს უნდა გაკეთდესო , ისინი კი, უპასუხებდნენ - ამდენი უნდა გადაიხადოთო და პროცესი ამ დონეზე იყო. პარლამენტის თავმჯდომარეს რეკომენდაციით მივმართავთ, რომ ამ საკითხის სამართლებლივი შესწავლა მოხდეს, რადგან საკითხი, საკმაოდ სერიოზულ სამართლებლივ შესწავლას მოითხოვს და დასკვნა მერე უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ტყემალაძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, ამ დროისთვის , პარლამენტის მშენებლობისთვის დახარჯულია 360 მლნ ლარი და შენობის დასრულებას დამატებით 20 -30 მლნ სჭირდება.
"თუმცა, რა უნდა დასრულდეს ვერ გეტყვით, რადგან ხელში პროექტი ჯერ კიდევ არ გვაქვს და არ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. სრული ფუნქციონირებისთვის შენობა ექპლოტაციაში არ არის შესული და მის მდგრადობაზე დასკვნაც არ არის. პრინციპში კანონს ვარღვევთ, რადგან შენობას ექსპლოატაციას ვუწევთ, რომელიც ვისი საკუთრებაა ვერ გავარკვიე. საკითხთან დაკავშირებით, სამართლებლივი საკითხები უნდა იქნეს შესწავლილი, რის შემდეგაც რეკომენდაციით მთავრობასაც მივმართავთ", - დასძინა ტყემალაძემ.
ტყემალაძისგან განსხვავებით , სამინისტროების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მოგვიანებით განცხადება გაკეთდება.