არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და ბიზნესმენი თემურ კვარაცხელია ყოფილი მმართველი გუნდის წევრებს დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბიზნესმენისთვის ქონების იძულებით წართმევაში ადანაშაულებენ.
როგორც from.ge-ს ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა, თემურ კვარაცხელია რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაში, სხვადასხვა პროექტებში 7 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო და პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ბიზნესმენები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა.
მჟავანაძის ცნობით, როცა კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა, შპს „კვარცი 2010“ დააფუძნა და ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის პირას რესტორნებითა და საკონფერენციო დარბაზებით დიდი ბიზნესცენტრი ააშენა.
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, მშენებლობისას მას შენობის დასასრულებლად სესხის აღება დასჭირდა, რის შემდეგაც მასთან თავად მივიდა ებრაელი ბიზნესმენი სამსონ ჰოკი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა.
"ვინაიდან მაშინ ბანკები 1 მლნ 300 ათასიან ხელშეკრულებას ძნელად იძლეოდნენ თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი არ იყავი, შესთავაზა საკრედიტო ხელშეკრულება და სესხის სახით1 მლნ 300 ათასი აშშ დოლარი გამოუყო, 5 %-იანი განაკვეთით. სესხს კი კვარაცხელია სამი ტრანშის მიიღებდა“ - განუცხადა from.ge-ს ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მისივე თქმით, პირველი ტრანშის განხორციელების შემდეგ ბიზნესმენთან ადეიშვილის და კეზერაშვილის წარმომადგენლები მათივე სახელით მივიდნენ და უთხრეს, უთხრეს, რომ მას ბიზნესის გაკეთების უფლება არ ჰქონდა, თუკი ხელისუფლებისასთან არ მოილაპარაკებდა წილებში ჩასმასთან დაკავშირებით.
„მას პირადიპირ დაემუქრნენ და უთხრეს, რომ მას თავისი ქონება სამსონ ჰოკზე უნდა გადაეფორმებინა. შემდგომში სამსონ ჰოკმაც თქვა, რომ მის უკან ადეიშვილი და კეზერაშვილი იდგნენ და თუ კვარაცხელიას უნდოდა მეორე ტრანშის თანხა მიეღო, სასეხო პირობებში იპოთეკით ჩადებული ქონების ნაწილის გადაფორმება მოითხოვა“ - განაცხადა მჟავანაძემ და კვარაცხელია იძულებული გახდა მოქმედი რესტორანი სამსონ ჰოკისთვის მხოლოდ მიწის ფასად მიეყიდა.
მისივე თქმით, მესამე ტრანშის დროსაც იგივე განმეორდა და საბოლოო ჯამში სამსონ ჰოკმა თემურ კვარაცხელიას წაართვა 1400 კვ. მ. მიწის ფართობი შენობა ნაგებობებით, 10 მლნ დოლარის ღირებულების ქონება და ნოტარიუსთან იძულების წესით გადააფორმებინა. შემდეგ კი განცხადება დააწერინა, რომ ბიზნესმენი აღნიშნულ ქონებაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდა.
„შემდეგ უკვე კომპლექსის ჩაგდება მოინდომეს. ამ პროცესს კი თან სდევდა მერიის მხრიდან უზარმაზარი ჯარიმები, რათა იგი გაკოტრებულიყო, ფინანსური მდგომარეობა დამძიმებოდა და კომპლექსი გაეყიდა. 5 ჯარიმა შეეფარდა მას და კომპლექსსაც წაართმევდნენ, ისევ ეს ხელისუფლება რომ დარჩენილიყო“ - აღნიშნა მჟავანაძემ და დასძინა, რომ სამსონ ჰოკის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - თაღლითობა და სხვისი ქონების მითვისება იკვეთება.
მჟავანაძის განცხადებით, თემურ კვარაცხელიასთან ერთად უახლოეს დღეებში პროკურატურაში განცხადებას შეიტანს და აღნიშნული დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს.
მისივე თქმით, სამსონ ჰოკს „უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული“ და ხელისუფლების უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებს ამოფარებული, ბიზნესმენებს ქონებას ართმევდა.
„თემურ კვარაცხელია სხვა ბიზნესებსაც ფლობს, მაგრამ ეს არის მისი ძირითადი ბიზნესი საქართველოში, რადგან 7 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო ამ პროექტებში და აქ დააბანდა თავისი შემოსავალი, ახლა კი ვიბრძვით რომ მისი ქონება დავიბრუნოთ, რადგან უკვე კომპლექსის წართმევის პროცესიც მიმდინარეობს და საქმე აღსრულების ბიუროშია შესული“ - აღნიშნა მჟავანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აღნიშნული საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.