გუშინ, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ იაკი კაბეს, იგივე ირაკლი კაკაბაძის „ლექსების“ კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ავტორი ცდილობს, იაპონური ლექსის ფორმა ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი გახადოს. იაკი კაბეს 100 ტანკა საუკეთესო საჩუქარია მკითხველთა იმ წრისთვის, ვისაც უყვარს იაპონური კულტურა, პოეზია, სადაც მეზობლობა სულიერი სიახლოვით იზომება და ფიზიკური სიშორე სრულად ქარწყლდება. კრებულის მე–7 ტანკა გვარწმუნებს, რომ ბედნიერება მხოლოდ ერთურთის სულის თანაზიარებით მიიღწევა, რომ პოეზია „საიდუმლოა განდობილთათვის“
"თანამედროვე ლექსის ტექნიკის შესაძლებლობათა გაფართოების ფონზე, საოცარია, რომ არ ნელდება ინტერესი უძველესი იაპონური სალექსო ფორმების: ტანკასა და ჰაიკუს მიმართ. XXI საუკუნის მსოფლიო კვლავ წარმოშობს კაძინს – ანუ ტანკას მთხზველს. ტანკას ქართველი ავტორი საკუთარ თავს იაკი კაბედ გვაცნობს, რათა პოეტური გარდასახვის ჯადოქრული ძალით მიაღწიოს თითქმის შეუძლებელს – იაპონური ეროვნული სალექსო ფორმა ბუნებრივი და ახლობელი გახადოს ქართველი მკითხველისთვის“- წერს კრებულის რედაქტორი თამარ ბარბაქაძე. ირაკლი კაკაბაძის კრებული გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.