საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, უმრავლესობისადმი შეთავაზებული ინიციატივის შეფასებისას, რომელიც დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა კანდიდატურების წარდგენას მხოლოდ უმცირესობიდან გულისხმობს, აცხადებს, რომ აღნიშნულ ინიციატივას უმრავლესობა უარყოფითად განიხილავს.
ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება მოწინააღმდეგე მხარემ უნდა აწარმოოს. შესაბამისად, მისი თქმით, მოწინააღმდეგე მხარე ნიშნავს პირს, რომელიც დანაშაულების ჩადენაში არაა ეჭვმიტანილი.
„არ იქნება, მართებული და გამართლებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამოიძიონ. ერთი ან ორი წლის შემდეგ, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობა თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებს და წარმატებები ექნება, შესაძლოა, არ გამოვრიცხავ, მცირეოდენი შეცდომებიც ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ჩათვლის საჭიროდ, რომ საგანგებო ინფორმაციაა, შეუძლიათ საგამოძიებო კომისია შექმნან. ამ შემთხვევაში კი, პრინციპი უნდა იყოს ისე, რომ დანაშაული მოწინააღმდეგე მხარემ გამოიძიოს და არა იმავე მხარემ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი შინაარსის დებულება, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში რა ინიციატივითაა ჩადებული, ქუცნაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო პროგრამა 4 წლიან პერიოდზეა გაწერილი, შესაბამისად ამ ინიციატივის განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი უმრავლესობის მიმართ, მსგავსი შინაარსის კითხვები გაჩნდება, შესაძლებელია.
„ახლა კი, ამის გაკეთება აბსურდულია, რადგან საქმე გამოვაძიებინოთ თავად დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ ადამიანებს აბსურდი იქნება. ერთი ან ორი წლის შემდეგ, თუ დღევანდელი მთავრობის მიმართ, მსგავსი კითხვები გაჩნდება, ამის განხორციელება, რატომაც არა, შესაძლებელია, თუმცა არა მგონია ასეთი შეკითხვები გაჩნდეს, ამ შემთხვევას საერთოდ გამოვრიცხავ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.