სანდრო ბარამიძე: პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში იქამდე დარჩება, სანამ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არსებობს

სანდრო ბარამიძე: პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში იქამდე დარჩება, სანამ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არსებობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის სანდრო ბარამიძის განცხადებით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში იქამდე დარჩება, სანამ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არსებობს.

ბარამიძის თქმით,  პროკურატურის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დარჩენის მიუხედავად, მას ფუნქციები გაეზრდება.

მისი განმარტებით, მზადდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, მთავარი პროკურატურა უფრო მეტ დამოუკიდებლობას შეიძენს, მაგრამ ის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დარჩება.

„საქმე ისაა, რომ კონსტიტუციის თანახმად,  პროკურატურის ორგანოები  იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შედის. აქედან გამომდინარე,  პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში  რჩება და დარჩება მანამდე,  სანამ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ამასთანავე, პროკურატურის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დარჩენის მიუხედავად, მას ფუნქციები გაეზრდება.  უფრო მეტ უფლებამოსილებაში თუნდაც იმას ვგულისხმობ, რომ მთავარი პროკურორი იქნება უფლებამოსილი, ქვემორე პროკურორების დანიშვნისა, რასაც მოქმედი კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრი აკეთებდა, რომელიც თავადაც პროკურორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე არ ეწოდებოდა, ფუნქციებით იუსტიციის მინისტრი ქვეყნის პირველი პროკურორი იყო.

იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი  გარკვეულ ბერკეტებს შეინარჩუნებს  ძირითადი ფინანსური,  საბიუჯეტო სახსრების გამოყოფისა და მართვის თვალსაზრისით“, - განაცხადა ბარამიძემ.