თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო

თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავის მოადგილეებთან - დავით ჯანდიერსა და ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო  გეგმების შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წულუკიანმა თანამშრომლებს ქვეყანაში მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები შეძლებენ, გააერთიანონ ძალისხმევა და მათზე დაკისრებული მოვალეობები ერთგულად შეასრულონ.

„უწყების პრიორიტეტი იქნება იუსტიციის სამინისტროს ჩამოყალიბება სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად, იურიდიულ ავტორიტეტად, საჭირო რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორად“, - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მისი განცხადებით, ამ კუთხით, უწყებაში მასშტაბური ცვლილებები არ იგეგმება და თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებულ პოსტებს შეინარჩუნებს.