ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციაში, სადაც აღნიშნული იყო, რომ მითითებული პირები საყაჩაღოდ მიდიოდნენ და სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც მათი ავტომანქანიდან პოლიციის მიმართულებით სროლა განხორციელდა, თავიდანვე კითხვის ნიშნებს იწვევდა.
„საიას ადვოკატები გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდნენ. მართალია, გამოძიება დაიწყო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამოძიება წარიმართა არაობიექტურად და მიკერძოებულად, რის შედეგადაც საქმის წარმოება შეწყდა პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით“, - აცხადებს მოსიაშვილი.
მისი განმარტებით, ამჟამად დაცვის მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. ადვოკატის ინფორმაციით, დღემდე ცნობილია, რომ გადარჩენილმა ბონდო ფუთურიძე, რომელთანაც მოგვიანებით საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, წარდგენილი ბრალდება აღიარა.
მოსიაშვილის აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს მას ახსნა-განმარტება მისცა ბუბა ფუთურიძემ, რითაც მან უარყო სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ჩვენება ზეწოლის შედეგს წარმოადგენდა.
„ფუთურიძემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონდათ. მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტებზე მიუთითებენ ასევე პოლიციელთა თანამშრომლები. 23 ოქტომბერს ერთ-ერთმა პოლიციელმა დაცვის მხარის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით თავად განახორციელეს შსს-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის დაზიანება, ხოლო ექსპერტის დახმარებით ცდილობდნენ მტკიცებულებების ფალსიფიცირებას და იმ ვერსიის გამყარებას, თითქოს შსს-ს კუთვნილ ავტომანქანაზე არსებული ნატყვიარი ,,BMW” მარკის ავტომობილში მსხდომ პირთა მიერ პოლიციელთა მიმართულებით სროლის კვალია“, - აღნიშნა მოსიაშვილმა.
საია მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
„ჩვენ პროკურატურას წარვუდგენთ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე შსს-ს ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოს ადასტურებენ და პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე მიუთითებენ“, - განაცხადა მოსიაშვილმა.