პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თანაშემწე მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნათია ახალაია იქნება.
ახალაია საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებს დღეს წარუდგინეს და ის საქმიანობას უკვე შეუდგა.
როგორც from.ge-ს ახალაიამ განუცხადა, მისი ფუნქციაა მედია მონიტორინგის საფუძველზე მედიის სრული ანალიზი გააკეთოს, საზოგადოებრივ- პოლიტიკური ასპექტები გამოკვეთოს და პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების საქმის კურსში ჩააყენოს.
მისი თქმით, ის პარლამენტის სპიკერს საზოგადოებრივი საკითხების მოგვარებაშიც დაეხმარება.
რაც შეეხება იმ საკითხს, პარლამენტში განხორციელდება თუ არა საკადრო ცვლილებები, ახალაია აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ცვლილებებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან არსებულ სიტუაციას ეცნობა.
„საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან, რომელსაც მაკა გიგაური ხელმძღვანელობს, მხოლოდ ვითანამშრომლებთ. ჩვენი ფუნქციები გადამკვეთი არ იქნება და საქმიანობას სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ. მე კონკრეტული ფუნქცია მაქვს და ცხადია, ისინი დამეხმარებიან“, - განაცხადა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე, ნათია ახალაია ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ შექმნის შემდეგ, მან საქმიანობა კოალიციის პიარ სამსახურში გააგრძელა.