ნორვეგიის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის, ერიკ ოურ ტორშაგის ხელმძღვანელობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიის მხარემ შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან.
მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს საქართველოსა და ნორვეგიული მხარეების წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.
„მხარეებმა კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება თავად ირაკლი ალასანიას, მან სტუმართან თავდაცვის სამინისტროს ახალ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სამხედრო უწყებაში ჯარისკაცი გახდება პრიორიტეტული, მისი უფლებები, სოციალური პირობები და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.
„რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ჯარი გახდება სწრაფი, მობილური და მოქნილი სტრუქტურა, რომელსაც მარტივად შეეძლება მტრის მოგერიება, შეკავება და მისთვის დიდი ზიანის მიყენება, ამაღლდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. გაგრძელდება ნატო-სთან თავსებადობისა და ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნა ალასანიამ შეხვედრაზე.
ნორვეგიის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 31 ოქტომბერს დასრულდება.