"კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი, მამია სანადირაძე პროექტს „დააბრუნე“ ადვოკატ ზვიად გელაშვილთან ერთად განახორციელებს.
ზვიად გელაშვილის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი უკანონოდ შევიწროებული ბიზნესმენების დაცვა და ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნების პროცესში მათთვის ხელის შეწყობაა.
„თითოეულის საქმე ინდივიდუალურია და, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ-სამართლებრივ ჭრილში უნდა იქნას გადაწყვეტილი, მაგრამ ჩვენ ამ საქმეების შეკრებას, გაანალიზებასა და განზოგადებას გავაკეთებთ, რადგან ძალიან ხშირად, ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევისა და მათი შევიწროების მექანიზმი ერთიდაიგივე იყო. ხშირად ამ მექანიზმში ერთიდაიგივე პიროვნებები იყვნენ ჩართულნი“, - განაცხადა გელაშვილმა.
მისი თქმით, ამ საქმეების შეკრება და განზოგადება მოგვცემს ნათელ სურათს, თუ სად არის სისტემური ხასიათის ხარვეზები, სადაა საკანონმდებლო ხარვეზები და სად იყო პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე, დანაშაულებრივი ქმედებები.
„აღნიშნული საქმეების განზოგადება ორ რაიმეს მოგვცემს. ერთი, ეს სისტემური ხასიათის დანაშაული, თუ კონკრეტულად დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედების არეალი იყო. თუკი ასეთი დანაშაულებრივი ჯგუფების არეალი გამოიკვეთება, ჩვენ სამართალდამცველ ორგანოებს, მთავარ პროკურატურას, იგივე ქალბატონ თინა ხიდაშელის კომისიას, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა შეიქმნას, რეაგირებისთვის შესაბამის მასალებს გადავუგზავნით და თუ რა რეაგირება მოჰყვება ამ ყოველივეს მონიტორინგს გავუწევთ.
და მეორე, თავისთავად, ის რომ ბიზნესმენებში ურთიერთ სოლიდარობის, თანადგომის გრძნობა და ურთიერთ დახმარების სურვილი გაჩნდება, ეს ბუნებრივია, უკვე ძალიან კარგია“, - განაცხადა გელაშვილმა.
ამ ხარვეზების დროულად გამოსასწორებლად, სისტემური ხასიათის და საკანონმდებლო ხასიათის პრობლემებზე, ისინი კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებენ და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს მიაწვდიან.