ტელეკომპანია „იმედის” მის მმართველობაში გადასვლა და შემდეგ მისთვის „წართმევა” პირადად მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის გეგმა იყო. ამის შესახებ ბიზნესმენმა ჯოზეფ ქეიმ „კვირის ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჯოზეფ ქეის განმარტებით, მისი მხრიდან წინა ხელისუფლების გაძლიერებასთან დაკავშირებით საუბარში, ის ტელეკომპანია “იმედს” და იმ 200 მილიონს, რომელიც საქართველოში ჩამოიტანა.
„რაც შეეხება მაღალჩინოსნების მიერ ჩემს მიმართ განხორციელებულ ზეწოლას, კონკრეტულ სახელებს გეტყვით, მიხეილ სააკაშვილი და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. საერთოდ მათ სერიოზული ბიზნესისა და ბიზნესმენების მართვის კონტროლის „საინტერესო" სქემები ჰქონდათ შემუშავებული", - განაცხადა ქეიმ.
ბიზნესმენმა ასევე ტელეკომპანია „იმედის" გიორგი არველაძის ხელში მოხვდერის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
ჯოზეფ ქეის განმარტებით, ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა. მისი თქმით, მთავრობა პატარკაციშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტისთვის და მისი ბიზნესის ხელშეუხებლობის გარანტად ტელევიზიას ითხოვდა.
„მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც ისეთი ადამიანის ხელში ყოფილიყო ეს აქტივი, რომელსაც თავად ექნებოდა რამე დასაკარგი, ან მათი კლანის წევრი იქნებოდა. ბადრი შარანგიას კანდიდატურა შესთავაზეს, არ დათანხმდა. მე ორივე მხარისთვის მისაღები აღმოვჩნდი, ბადრისთვის რატომ ეს მე და მან ვიცით მარტო. მთავრობისთვის კი მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ამ დროისთვის საქართველოში უკვე ბევრი ჰქონდა დასაკარგი. ეს მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობდა, ორივე მხარე ჩქარობდა. თითქმის ყველაფერზე შევთანხმდით. მე შევხვდი პრეზიდენტს, მივიღე მისგან ბადრის, ჩემი ბიზნესებისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტია. ჩემი მხრივ, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 5 წლით მართვის უფლების გადაცემაზე თანხმობა. სანამ საბუთები მომზადდებოდა და ოფიციალურ სახეს მიიღებდა ეს გადაწყვეტილება, დავტოვე საქართველო, აშშ-ში ჩემს ერთ-ერთ დეველოპერში ფიშერ აილენდზე დავბრუნდი. რამდენიმე დღეში ბადრი გარდაიცვალა. მითხრეს, ბადრი კი მოკვდა, მაგრამ მისი ოჯახი, შენ და თქვენი ბიზნესები ცოცხალია, ეს საქმე უნდა დაასრულოო. იქ იყო ისეთი საუბრები, რომლებზეც ახლა აპელირება არ მინდა. აი, ეს არის სიმართლე, რომელიც, მე ვიტყვი თუ არა, ადრე თუ გვიან, მაინც გაირკვევა. ეს გარიგება დავასრულე. ამის შემდეგ თითქმის ყველაფერი თავდაყირა დადგა: ორმხრივ ცეცხლში აღმოვჩნდი, საქართველოს ხელისუფლებამ უკიდურესად დაძაბა სიტუაცია ჩემსა და ბადრის ოჯახს შორის", - აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის მისგან შავი ოდიოზური პერსონა შექმნა.
„2009 წელს კი გამომიცხადეს: სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემთვის "იმედი" წაერთმია. მოტივი იყო შემდეგი - ინა ყველგან გებრძვის, გაშავებს და ტელევიზიაც შეიძლება წაგართვას, ამიტომ ის საიმედო ხელში უნდა იყოს. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს არ იყო ჩვენი შეთანხმება და 5 წელიწადში მე "იმედი" უნდა დამებრუნებინა. თავისი გეგმის შესრულება შეძლეს", - აცხადებს ჯოზეფ ქეი.