ბიზნესმენმა გიორგი გიგუაშვილმა გორის რაიონის ყოფილი პროკურორის, გიორგი ჭანტურიძის, ოლქის პროკურორის, ამჟამად დეპუტატის დავით საყვარელიძის და გორის ყოფილი გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის წინააღმდეგ მთავარ პროკურორატურას მიმართა.
მიმართვაში, რომელიც უშუალოდ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზეა, გოგუაშვილი აღნიშნულ პირებს ქონების უკანონო ჩამორთმევაში ადანაშაულებს და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.
ბიზნესმენის განმარტებით, ჭანტურიძემ, საყვარელიძემ და ვარძელაშვილმა დაშინების გზით მისი კუთვნილი ქონება - გორის საცურაო აუზი უკანონოდ მიითვისეს.
„2007 წლის ზაფხულში აუქციონზე მე და ჩემმა მეუღლემ გორის საცურაო აუზი შევიძინეთ. 2008 წლის ზაფხულში დამიბარა გორის რაიონის იმჟამინდელმა პროკურორმა გიორგი ჭანტურიძემ და მომთხოვა, რომ ეს ქონება სახელმწიფოსთვის მეჩუქებინა, თუ ასე არ მოვიქცეოდი დამემუქრა, რომ ჩამიდებდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკს, იარაღს და ჩემი ფეხმძიმე მეუღლის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრებოდა", - განაცხადა გიგუაშვილმა.
ამასთან, ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ ამ მუქარის უკან დავით საყვარელიძე და ლადო ვარძელაშილი იდგნენ. ჭანტურიძე კი მათ დავალებას ასრულებდა.