საქართველოში დღეს არსებულ შრომის კოდექსით მთლიანად არის დასაქმებულების უფლებები დარღვეული და ის მხოლოდ დამსაქმებელთა ინტერესებზე იყო მორგებული. შეძლო თუ არა ხელისუფლებამ ამ კოდექსით ინვესტორების დაინტერესება, როგორ იყენებდა მას ძველი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის და როდის შეცვლის ახალი ხელისუფლება კაბალურ შრომით კოდექსს? From.ge პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
როგორ შეიძლება მოკლედ საქართველოში დღეს არსებული შრომითი კოდექსის შეფასება?
-ჩემი პარლამენტში გამოსვლების დროს, არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება ამ საკითხებზე კონკრეტული მაგალითების მოშველიებით. ეს არის თანამედროვე მონობის დამკანონებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტი და ამის მაგალითად მე მომყავს ტყიბულში განვითარებული მოვლენები , როდესაც მაღაროელთა უმრავლესობა ხელს აწერდა აბსოლუტურად კაბალურ პირობებს, მინიმალური ანაზღაურების ფასად, დღეში 12 -14 საათი ემუშავათ. ამასთან ერთად, მათ სოციალური დაზღვევის არანაირი პაკეტი არ გააჩნდათ. ანუ სახელმწიფო აკანონებს თანამედროვე მონობის საბუთს საკუთარ მოქალაქეებზე .
რამდენიმე დღის წინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პალიკო კუბლაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ეს შრომითი კოდექსი გათვლილი იყო ინვესტორების მოსაზიდად, რათა მათი დაინტერესება მომხდარიყო, თუმცა ამით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ კაბალურ მდგომარეობაში.
-დიახ, დიახ, სწორედ ამას აღვნიშნავ , პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით ასეთი მიდგომა ვითომ ხელს უწყობდა ინვესტორების მოზიდვას, ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ პირობად კი ისინი სწორედ შრომის კოდექსს ასახელებდნენ. გაგახსენებთ 2011 წელს განვითარებულ მოვლენებს , როდესაც ქუთაისის ერთ-ერთი საწარმოში, სადაც ინდური ინვესტიცია იყო ჩადებული და სადაც მუშები, ე. წ "ოვერთიამის" -გახანგრძლივებული სამუშაო საათების ანაზღაურებას მოითხოვდნენ, დამთავრდა იმით, რომ საგაფიცვო კომიტეტის თითოეული წევრი, სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომელთა მიერ, სხვადასხვა მანქანებით იქნა გატაცებული, ისინი დაამუშავეს და ზოგიერთ მათგანს თავისუფლებაც კი აღუკვეთეს, რათ ეს პროცესი გადამდები არ ყოფილიყო და პრეცედენტი აღკვეთილიყო იმის, რომ ადამიანები მონობას აპროტესტებდნენ. ჩემი აზრით, შრომის კანონმდებლობიდან გამოწვეული ცალკე მოქმედებები, ცალკე სამართლებრივად შესაფასებელია.
საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლში "შრომითი ურთიერთობა" ვკითხულობთ- შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. საქართველოში დღეს არსებულ ნებისმიერ შრომით ხელშეკრულებას თუ გადავხედავთ, დასაქმებულთა უფლებების დარღვევების უამრავ ფაქტებს აღმოვაჩენთ, სადაც მათი უფლებები აბსოლუტურად დარღვეულია.
-უნდა მოხდეს მთლიანად შრომის კანონის გასწორება. შრომის კანონმდებლობის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებდა დასაქმების ეროვნული სააგენტოს შექმნას, რომლის ნაცვლადაც, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ეროვნული დასაქმების სამინისტრო, სადაც რეესტრით აღრიცხულ პიროვნებებს მხარი უნდა დაეჭირა მათი არჩევნებში გამარჯვებისთვის და იგნორირება მოახდინა კანონის მოთხოვნისა.
უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ ინიცირებულ კანონის პროექტში, რომელიც ჩემს მიერ იქნა წარდგენილი 2011 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, სწორედ სააგენტოს ამოქმედება და არანაირი სამინისტროს შექმნა და დამატებითი ხარჯების გაღება რაღაც უაზრო პროექტის განსახორციელებლად. თუ ასეთი სააგენტო შეიქმნება, მაშინ გაჩნდება შრომის ბირჟა, რაც გააჩენს სახელმწიფო ვალდებულებას, იზრუნოს დაუსაქმებელ ადამიანთა სოციალურ უზრუნველყოფაზე .
გარდა ამისა, შრომით კოდექსში ჩადებულია ძალიან ბევრი დისკრიმინაციული მუხლი, მაგალითად, ყბადაღებული 37 -ე მუხლი დასაქმებულის უფლებებს არღვევს და შრომითი ხელშეკრულების ვადის დინების მომენტში, ყოველგვარი ახსნა-განამრტების გარეშე, დამსაქმებელს აძლევს უფლებას, რომ ეს პირი დაითხოვოს სამსახურიდან.
მინდა გითხრათ, რომ პედაგოგთა 99,99% -ის სწორედ ამ მუხლით არის დათხოვნილი სკოლებიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ადამიანები 20 -25 წლიანი შრომითი სტაჟით სწორედ იმ მანდატურ-დირექტორებმადაითხოვეს, რომელთაც არც სკოლების და არც პედაგოგიკის წინაშე, არანაირი დამსახურება არ გააჩნიათ. ეს კონკრეტული ფაქტები მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას და იმის მოშველიება, რომ კანონი იძლეოდა ამის საფუძველს, ვერ გაათავისუფლებს კანონის ამგვარად განმმარტებელ მოძალადე დირექტორებს პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა, შრომის კანონმდებლობაშია ჩადებული გამოსაცდელი ვადა, რომელიც ასევე დისკრიმინაციულია.
რატომ არის "გამოსაცდელი ვადა" დისკრიმინაციული, რომელიც ძირითადად, სამ თვიანია ხოლმე?
-სწორედ ამ სამთვიანი, მოკლე შრომითი ხელშეკრულებების გამოყენებით ხდებოდა ხოლმე დასაქმების პოლიტიკის გატარება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ჰქონდა ხოლმე აჟიტირებული ხასიათი.
ასეულობით ადამიანს ასაქმებდნენ ხოლმე ერთი, ორი, სამი თვით, შემდეგ უწყვეტდნენ შრომით ხელშეკრულებას რიგ შემთხვევაში 37 -ე მუხლის, რიგ შემთხვევებში ხელშეკრულების ვადის ან სხვა პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო და შემდგომ მოჰყავდათ ახალი თანამშრომლები. ერთის მხრივ, ხელისუფლება ანტურაჟს იქმნიდა, რომ დასაქმებას მუდმივად მზარდი ხასიათი ჰქონდა და მეორეს მხრივ, თავის პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა. მთლიანად კრიმინალური ხასიათის გახლავთ შრომის კოდექსი და იგი დაუყოვნებლივ ცვლილებას მოითხოვს.
ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ პირველივე დღეებიდან შეუდგება შრომის კანონის გადახედვას.
-ახალი ხელისუფლების ეს განცხადება მაძლევს იმედს, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, სწორედ დროულად დაწყება ახალ პროექტზე მუშაობის. იმედია, რომ საკანონმდებლო აქტების გარკვეული პაკეტი უკვე წარდგენილია პარლამენტის საორგანიზაციო კომიტეტში და იმედია მალე მოხდება მასზე მუშაობის დაწყება.