"ინტერნიუს -საქართველომ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით, წინასაარჩევნოდ მედიის კვლევა განახორციელა. ორგანიზაციამ კვლევის შემაჯამებელი შედეგები დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ წარადგინა.
მედია-მონიტორინგის დროს, „ინტერნიუს -საქართველო“ 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში მედიაში პოლიტიკური სუბიექტების მისამართით და მათი მხრიდან გამოხატული სიძულვილის ენის გამოყენებას აკვირდებოდა.
მონიტორინგის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „მე-9 არხი“, „კავკასია“, „რეალტივი“. რადიოებიდან: რადიო 1, „იმედი“ „მწვანე ტალღა“, „ფორტუნა“, „აფხაზეთის ხმა“, „პალიტრა“ და „უცნობი“, ხოლო ბეჭდური მედია საშუალებებიდან: „ალია“, „კვირის ქრონიკა“, „ასავალ - დასავალი“ „კვირის პალიტრა“ „24 საათი“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, "“პრაიმტაიმი“, „თბილისელები“, „სარკე“ და „ტაბულა“. ინტერნეტ გამოცერმები: „netgazeti.ge“, „liberali.ge“, „tribuna.ge“, „presa.ge“, „news.ge“, „for.ge“ და „ambebi.ge“ .
„ინტერნიუს-საქართველოს“ მედია მონიტორის დიანა ჩაჩუას განცხადებით, მონიტორინგის ამ ორი თვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე ხშირად სიძულვილის ენის გამოყენება სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუებში, ინტერნეტ გამოცემებსა და პრესაში ხდებოდა.
ტელევიზიებს შორის ყველაზე დიდი დოზით სიძულვილის ენას „კავკასია“ იყენებდა. შედარებით ნაკლებად, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
რაც შეეხება გაზეთებს, სიძულვილის ენის გამოყენებით, პირველ ადგილზეა „ასავალ-დასავალი“, ყველაზე ნაკლებად კი, ამ ენას „რეზონანსი“ იყენებდა.
ინტერნეტ გამოცემებს შორის, პირველობს „for.ge „ შედარებით ნაკლებად კი, გამოხატულია სიძულვილის ენა „netgazet“-ში და „ლიბერალში“.
როგორც ჩაჩუა აცხადებს, სიძულვილის ენის წყაროები იყვნენ პრეზიდენტი, მოქალაქეები, ჟურნალისტები და პოლიტიკური პარტიები.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო პორტალი „tribuna.ge“ „ინტერნიუს -საქართველოს“ მიერ, ჩატარებული წინასაარჩევნო მედიის კვლევის დროს, არ ფუნქციონირებდა. „tribuna.ge“ - მ აქტივობა აგვისტოს თვეში შეწყვიტა.