პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც „საკმარისია სასამართლომ საქართველოს მოქალაქეობა მომანიჭოს და პრემიერობის უფლებას დავკარგავო“ განაცხადა, რომ ამჟამად, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქედ მიღებულია, ოღონდ ეს გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც საფრანგეთის მოქალაქეობა შეუწყდება. შესაბამისად, ხმალაძე განმარტავს, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა არ ექნება.
„ამჟამად, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა. მიუხედავად იმისა, რომ მას პრეზიდენტმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, ჯერ- ჯერობით ის საქართველოს მოქალაქე არაა, რადგან მოქალაქეობა ძალაში მას შემდეგ შევა, როგორც კი, საფრანგეთის მოქალაქეობა შეუწყდება. ბიძინა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა არ ექნება. ერთი და იგივე მომენტში ერთი შეუწყდება, მეორე ექნება და არანაირი პრობლემა არ წარმოიქმნება“, - განაცხადა ხმალაძემ From.ge-სთან საუბარში.