საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება- რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, პოსტსაბჭოთა საქართველოს ბოლო ხელისუფლება - სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ ამთავრებს პერიოდს ჩვენს ისტორიაში, რადგან ის ძალადობა, რაც გაუვიდა 2008 წელს სააკაშვილს, აღარ გავიდა 2012 წლის 1 ოქტომბერს.
„2008 წლის ორი გაყალბებული არჩევნების ფონზე სააკაშვილმა გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა, რასაც შედეგად აგვისტოს კატასტროფა მოჰყვა. ჩვენ წარსულს ვაბარებთ პოსტსაბჭოთა ისტორიას და საქართველოსთვის სამარცხვინო ნაბიჯებს. საქართველოსთვის სამარცხვინოა ასეულს მიღმა ყოფნა ეკონომიკის დამოუკიდებელი პარამეტრებით, საქართველოსთვის სამარცხვინოა ნახევრად თავისუფალი მედია, რასაც თქვენ უტოვებთ საქართველოს. სიდუხჭირე და შიში წარსულში დარჩა. საქართველოს ადგილი ევროპულ-დემოკრატიულ ოჯახშია. გაწელილი პოსტსაბჭოთა პერიოდი, პოსტსაბჭოთა სივრცეში ტოვებდა ქვეყანას. წარსული ხელისუფლებაც პოსტსაბჭოთა იყო. ამიტომ ვერ მიუახლოვდა ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის პერიოდში საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნებს და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებს. ბულგარეთი, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირში არიან“,-განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.
ბერძენიშვილის განცხადებით, ივანიშვილის გზა ევროპული და დემოკრატიის გზაა. ესაა გზა საქართველოს დაბრუნებისა მის ბუნებრივ წიაღში-ევროპაში და ეს „ქართული ოცნების“ ახდენის გზაა.
„შევარდნაძე-სააკაშვილის-„მოქკავშირ“-„ნაცინალური მოძრაობის“ გზა რეალურად პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩარჩენის გზა აღმოჩნდა.მოსკოვთან ფლირტის და ბუზღუნის მონაცვლეობის გზა ეს იყო შევარდნაძე-სააკაშვილის გზა. სააკაშვილმაც ჩახედა პუტინს თვალებში და დითირამბები უძღვნა 2004 წლის გაზაფხულზე გაპრეზიდენტიბისთანავე. გადახედეთ თქვენი ლიდერის ციტატებს და დარწმუნდებით“,-მიმართა ბერძენიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.