მიხეილ მაჭავარიანი: ქაშიბაძემ გადაწყვიტა, რომ კარგი დროა, რაღაც დამაბრალოს, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდული ტყუილია

მიხეილ მაჭავარიანი: ქაშიბაძემ გადაწყვიტა, რომ კარგი დროა, რაღაც დამაბრალოს, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდული ტყუილია

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი  ბიზნესმენ მინდია ქაშიბაძისთვის ბიზნესის წილის წართმევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს აბსურდული ტყუილია.

„არაფერი წილი, რა თქმა უნდა,  არ წამირთმევია. ავთო წერეთელს ვიცნობ, თემურ გიორგაძე დიდი ხანია, არ მინახავს,  ეგ ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია. თუ ბატონ ქაშიბაძეს აქვს სადაო წერეთელთან და გიორგაძესთან, შეუძლია იდაოს, თუ შემიძლია, მე რამეთი დავეხმარო, სიამოვნებით დავეხმარები. მესმის, რომ ახალი ქარიშხალი უბერავს და ქაშიბაძემ გადაწყვიტა, რომ კარგი დროა, რაღაც დამაბრალოს, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდული ტყუილია“,-განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანი ასევე უარყოფს, რომ მისი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნის პერიოდში,  ქაშიბაძე პარტიის ანგარიშზე ფინანსურ გადარიცხვებს ახორციელებდა.

ცნობისთვის, ქართველი ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და მისი ბიზნესის მისაკუთრების გამო კონკრეტული თანამდებობის პირების დასჯას მოითხოვს.

მისივე თქმით,  კომპიუტერული კომპანია „მაქსტოპის“ მისაკუთრება ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსა და შევარდნაძის დროინდელ ენერგეტიკის მინისტრს თემურ გიორგაძე სურდათ.

ამ საქმეში კი ირიბად ჩარეული იყო მიხეილ მაჭავარიანიც,  რომელიც,  ქაშიბაძის თქმით, წერეთლის ნათესავია.